
აფხაზეთში მყოფი რუსი სამხედროები ქართული დრონების განადგურებაში ვარჯიშობენ
17/02/2021 14:55:59 კონფლიქტები
რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის გაერთიანების აფხაზეთში დისლოცირებულმა 500-მდე სამხედრომ და 150-მდე ერთეულმა სპეციალურმა სამხედრო ტექნიკამ მონაწილეობა მიიღო წვრთნაში, რომლის სცენარი “მტრის” უპილოტო საფრენი აპარატების განადგურებას ითვალისწინებდა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, წებელდის და ნაგვალოუს პოლიგონებზე ჩატარებული წვრთნები მოიცავდა უპილოტოების ზვერვასა და აღმოჩენას თანამედროვე კომპლექსების “ჟიტელისა” და “კრასუხას”გამოყენებით.
“რადიოსალოკაციო ქვედანაყოფების პირადმა შემადგენლობამ “მტრის” მინიმალურ და საშუალო სიმაღლეზე მფრენი უპილოტო საფრენი აპარატები აღმოაჩინა და შესაბამისი მონაცემები რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსებს გადასცა” – იუწყება რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრეს-სამსახური.
შეგახსემენთ, რომ გასული წლის დეკემბრის ბოლოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა განცხადება ე.წ. დრონების შეძენის განზრახვის შესახებ.
„2021 წელს ჩვენ შევიძენთ ოპერატიულ და ტაქტიკურ უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო „დრონებს“. სამანევრო და საარტილერიო ქვედანაყოფებს აღვჭურვავთ თანამედროვე სადაზვერვო საფრენი აპარატებით, განვავითარებთ რადიოელექტრონულ და სადაზვერვო სათვალთვალო საშუალებებს“, - აღნიშნა მან.
ამასთანავე, ღარიბაშვილის ინფორმაციით, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ისრაელთან საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის განახლებისა და მოდერნიზების თაობაზე.
მალევე ღარიბაშვილის განცხადებებს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. სოხუმში აღშფოთება გამოხატეს „საქართველოს სამხედრო პოტენციალის ზრდის“ გამო და განაცხადეს, რომ "გეგმავენ, განმარტებები აშშ-ის წარმომადგენლებს მოსთხოვონ".