
სოხუმის აეროპორტის მომსახურებისთვის აფხაზ სპეციალისტებს რუსეთში მოამზადებენ
17/02/2021 15:37:25 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთი სოხუმის აეროპოტის სამომავლო მომსახურებისთვის ადგილობრივ სპეციალისტთა მომზადებაზე იწყებს ზრუნვას.
როგორც ჟურნალისტებს დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის “მინისტრმა” კრისტინა ოზგანმა აცნობა, ადგილობრივი სპეციალისტები რუსეთის შესაბამის სასწავლებლებში მომზადდებიან.
“მსურველებს საკონკურსო საფუძველზე შევარჩევთ. ჩემმა უწყებამ განაცხადების მიღება უკვე გამოაცხადა” – აღნიშნა ოზგანმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ სოხუმის აეროპორტის აღდგენა-ამოქმედების პერსპექტივებზე “როსავიაციის” წარმომადგენლებს ესაუბრა.
როგორც აფხაზი “მინისტრი” აცხადებს, მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა მომზადდეს პირველადი ხარჯთაღრიცხვა, რომელიც რუსულ მხარეს წარედგინება.
“ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დავიწყეთ და თუ წლის ბოლომდე დასახულ ამოცანას გავართმევთ თავს, მომავალი წლისთვის უკვე გვეცოდინება, რა თანხებზეა საუბარი” – დასძინა მან.
სოხუმის აეროდრომი
სოხუმის აეროპორტი 1960-იან წლებში აშენდა. ის აფხაზეთის დედაქალაქიდან დაახლოებით 20 კილომეტრში, გულრიფშის რაიონის სოფელ ბაბუშერასთან მდებარეობს. აფხაზეთის ომის შემდეგ იგი უმოქმედოა, ინფრასტრუქტურა სრულადაა ამორტიზებული.
გავცელებული ინფორმაციით, 1993 წელს აეროპორტის დახურვის შემდეგ იქ პირველი რეისი 2008 წლის აგვისტოში შესრულდა, როდესაც რუსეთმა საქართველოსთან ომის დროს აფხაზეთში სამხედრო თვითმფრინავებით დესანტი გადასხა.
ICAO-ს პოზიცია
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს, საქართველოს საავიაციო ხელისუფლებას კი იგი სერტიფიცირებული არ აქვს. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ 2008 წლის კანონის თანახმად, აფხაზეთში საერთაშორისო ფრენები აკრძალულია.
სოხუმის 2019 წლის დადგენილება
2019 წლის ზაფხულში სოხუმმა მიიღო დადგენილება „ვლადისლავ არძინბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტის“ საერთაშორისო ფრენებისათვის გახსნის აუცილებლობის თაობაზე.
დოკუმენტის თანახმად, სოხუმის აეროპორტს და აფხაზეთის საჰაერო სივრცეს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტის მსგავსი ოთხნიშნა ალფაბეტური კოდი URAS მიენიჭა, თუმცა ამ კოდის საბოლოოდ დასამტკიცებლად აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ და „ტრანსპორტის სახელმწიფო სამმართველომ“ რუსეთის ფედერაციის შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართონ, რათა ის „რუსეთის ფედერაციის საჰაერო ნავიგაციის ინფორმაციის კრებულში (AIP)“ შეიტანონ.
მაშინვე დე ფაქტო მთავრობამ კიდევ ერთი დოკუმენტი დაამტკიცა, რომელიც სოხუმის აეროდრომს სამოქალაქო და სამხედრო ავიაციის „ერთობლივი ბაზირების აეროდრომის" სტატუსს ანიჭებდა.
რას აღნიშნავს სოხუმის აეროპორტისთვის / აფხაზეთის საჰაერო სივრცისთვის მინიჭებული კოდი
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO გაეროს სპეციალიზებული სააგენტოა, რომელიც 1944 წლიდან სამოქალაქო ავიაციის სფეროში სტანდარტებსა და პრაქტიკას ადგენს. ICAO მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ აეროპორტებს სპეციალურ ოთხნიშნა კოდებს ანიჭებს, რომლებიც ICAO-ს დოკუმენტში „7910: ლოკაციის ინდიკატორები“ ქვეყნდება. აეროპორტების კოდები ავიაკომპანიებისა და ავიაციის მარეგულირებელი ორგანოების მიერ ფრენების დაგეგმვისთვის, აგრეთვე სააერონავიგაციო, მეტეოროლოგიური და სხვა მონაცემების გაცვლისათვის გამოიყენება.
აეროპორტების კოდებს რეგიონული სტრუქტურა აქვს. სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული კოდის შემთხვევაში U – ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს აღნიშნავს (გარდა მოლდოვის და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისა), R – როსტოვის საჰაერო ზონას, რომელშიც რუსეთის ფედერაციის სამხრეთის და ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქები შედიან, A – აფხაზეთს, ხოლო S – სოხუმს.
მსგავსი კოდები აქვთ დონის როსტოვის საერთაშორისო აეროპორტს (URRP), გროზნოს (URMG), სოჭის (URSS) და რუსეთის სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქებში შემავალი სხვა ქალაქების აეროპორტებს. შესაბამისად, მოსკოვის მიერ აფხაზეთის "ხელისუფლების" მიმართვას დაკმაყოფილების შემთხვევაში სოხუმის აეროპორტიც ფაქტობრივად, რუსეთის საჰაერო სივრცეში ექცეოდა.
სოხუმის პოზიცია
სოხუმის აეროპორტის რუსეთის საჰაერო სივრცეში მოქცევის გეგმა აფხაზეთში ყველას როგი მოეწონა. ამასთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები "სუვერენიტეტის შესაძლო დაკარგვის" შესახებ.
2019 წლის ზაფხულში სოხუმის აეროპორტის რუსეთის საჰაერო სივრცეში მოქცევის გეგმაზე კომენტარი გააკეთა იმჟამინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ.
„ჩნდება სხვადასხვა კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ აისახება ეს ჩვენს სუვერენიტეტზე. როგორც კი ალფაბეტური კოდის გაშიფრვისას გაისმა სიტყვები „როსტოვი“, „რუსეთი“, მაშინვე გაჩნდა კითხვა, „ხომ არ ნიშნავს ეს სუვერენიტეტის დაკარგვას“? რუსეთმა თავად გვაღიარა და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ შევდგეთ. მოსკოვი გამოყოფს ფინანსურ დახმარებას და ქმნის პირობებს, რათა ჩვენს ტერიტორიაზე მსგავსი დაწესებულებები მუშაობდნენ. საქმე ეხება იმ კავშირების განმტკიცებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ ტურისტები და ინვესტორები. სწორედ ეს ქმნის ჩვენს საბიუჯეტო შესაძლებლობებს“ - აცხადებდა მაშინ ხაჯიმბა.
რას ფიქრობენ სოხუმის გეგმებზე თბილისში?
ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის მიერ მიერ მიღებული გადაწყვეტილების პასუხად საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2019 წელს გაავრცელა განცხადება, რომელშიც განმარტავს, რომ „საქართველოს ნებართვის გარეშე სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება, ვერც ერთი ავიაკომპანია საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ვერ განახორციელებს, სანამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საქართველო და ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა ქართული მხარის მიერ არ იქნება უზრუნველყოფილი ”.
„იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ავიაკომპანია სოხუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს, ის დაარღვევს როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებს, ისე "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონს, რაც გაართულებს აღნიშნული ავიაკომპანიის ოპერირებას საერთაშორისო და საქართველოს მიმართულებებზე. ICAO-ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. აღნიშნული კოდის მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება“ - განმარტებული იყო სააგენტოს განცხადებაში.
სოხუმის აეროპორტის აღდგენის მცდელობები
ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება სოხუმის აეროპორტის აღდგენას დიდი ხანია, ცდილობს. 2000-იანი წლების დასაწყისიდან ამის შესახებ არაერთი ცნობა ვრცელდებოდა.
ჯერ კიდევ 2006 წელს აეროპორტის ამოქმედების განზარხვის შესახებ სოხუმის იმდროინდელმა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა. 2009 წელს მან აფხაზეთის რკინიგზა და აეროპორტი რუსეთს „დროებით მმართველობაში“ გადასცა.
2011 წელს "აფსნიპრესი" იტყობინებოდა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენის მიზნით იგი რუსულ ჰოლდინგ „ნოვაპორტს“ გრძელვადიანი იჯარით გადაეცემოდა. 2014 წელს კი გავრცელდა ცნობები, რომ კრასნოდარში მოქმედ კომპანია „აეროპორტ დეველოპმენტთან“ ხელი მოეწერა განზრახვათა ხელშეკრულებას სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის თაობაზე.
2019 წლის 26 ივლისს, აფხაზეთის „მინისტრთა კაბინეტის“ სხდომაზე „ქონების მართვის სახელმწიფო კომიტეტის“ თავმჯდომარემ ვახტანგ ფიფიამ განაცხადა, რომ აეროპორტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით სამუშაოები, მათ შორის საინჟინრო კვლევები რუსი ინვესტორის მონაწილეობით მიმდინარეობდა და რომ „მომდევნო თვის განმავლობაში საპროექტო დოკუმენტების შემუშავება დასრულდებოდა“.
"სოხუმის აეროპორტი ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია და დიდი იმედები მყარდება არა მხოლოდ მგზავრთა გადაყვანაზე, არამედ სატვირთო გადაზიდვებზეც. აეროპორტის გარეშე რთული იქნება აფხაზეთის, როგორც სატრანსპორტო ჰაბის შემდგომი განვითარება" - აცხადებდა ფიფია და დასძენდა, რომ "აეროპორტის აღდგენა მხოლოდ პირველი ნაბიჯია და მუშაობა დიდი საზღვაო პორტის პროექტზეც მიმდინარეობდა".
თუმცა მას შემდეგ გასული წლების განმავლობაში მის მიერ ნახსენები პროექტები ადგილიდან არ დაძრულა.