შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტთან სამართალდამცველების მობილიზებაა (ვიდეო)
17/02/2021 15:38:21 სამართალი
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტთან სამართალდამცველების მობილიზებაა, – იუწყება "ფორმულა".
მისივე ცნობით, ყვითელ ავტობუსებში განთავსებული არიან სპეცრაზმელები სპეციალური აღჭურვილობით, მათ შორის – ფარებითა და ხელკეტებით.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლო პროცესს არ ესწრება ნიკა მელია. იგი პროცესს თვალს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად ენმ–ის ოფისიდან ადევნებს.
ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.
2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური. ამის შემდეგ პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. ამასთან, მელიას აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.
გენერალური პროკურატურა 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების - გირაოს, უფრო მკაცრი ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლას ითხოვს. საგამოძიებო უწყებამ პარლამენტს მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა მელიამ არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო. 16 თებერვალს პარლამენტმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.


