მოსამართლემ თვითაცილების თაობაზე მელიას ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
17/02/2021 16:53:08 სამართალი
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა თვითაცილების თაობაზე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
"არავის ზეგავლენის ქვეშ არ ექცევა სასამართლო", - განაცხადა მოსამართლემ.
მელიას ადვოკატებმა სასამართლო პროცესის დროს მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართეს, აიცილებინა აღნიშნული საქმე და მისი განხილვა გადაედო. როგორც ადვოკატები აცხადებენ, ცოტა ხნის წინ მედიის საშუალებით გავრცელდა კადრები, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ახლოს შსს-ს სპეციალურ დეპარტამენტთან სპეციალური რაზმის ბრიგადები ჩანს.
ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული აჩვენებს, რომ "გადაწყვეტილება ნიკა მელიას დაკავების თაობაზე უკვე მიღებულია".
ცნობისთვის: ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს.
სასამართლო პროცესს არ ესწრება ნიკა მელია. იგი პროცესს თვალს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად ენმ–ის ოფისიდან ადევნებს.


