პოლიციელები ენმ–ის ოფისში არ შეუშვეს
18/02/2021 05:30:32 სამართალი
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას დასაკავებლად სამართალდამცველები მივიდნენ.
მათი თქმით, გაცემულია სასამართლოს განჩინება მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით და მათ ეს უნდა აღასრულონ.
ისინი მოქალაქეებს შესასვლელის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
განჩინების ჩაბარებას მელიას ადვოკატი ცდილობდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.
საბოლოოდ სამართალდამცველებმა ტერიტორია ისე დატოვეს, რომ შენობაშ შესვლა ვერ შეძლეს.
როგორც ერთ–ერთმა მათგანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მიზანი სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების მელიასთვის ჩაბარება იყო, თუმცა ოფისის კარი ჩაკეტილია.
"აღსრულების პროცესში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები იქნება გათვალისწინებული",– განაცხადა შსს–ს გამომძიებელმა.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ 17 თებერვალს მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თავად მელიამ და ოპოზიციონერმა ლიდერებმა ღამე ენმ–ის ოფისში გაათენეს.


