არასამთავრობოები – მთავრობას: "მიიღეთ სწორი პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილება"
18/02/2021 12:20:21 პოლიტიკა, სამართალი
17 არასამთავრობო ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ენმ–ის ლიდერის ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებით გამოწვეული დაძაბული მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალება სწორი პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღებაა.
როგორც არასამთავრობოების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, სწორი პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილება არსებულ ვითარებას განმუხტავს და ქვეყანას პოლიტიკური კრიზისის უკიდურეს ზომამდე გამწვავებას თავიდან ააცილებს.
"18 თებერვალს დილით განვითარებულმა მოვლენებმა და პოლიციის ქმედებებმა ცხადჰყო, რომ ხელისუფლება ნიკა მელიას დაკავებას საპოლიციო ძალის გამოყენებით აპირებს. ხელისუფლების ნაბიჯები ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას და კიდევ უფრო აღრმავებს დემოკრატიის კრიზისს ქვეყანაში. კრიზისის სიმძაფრეზე მიუთითებს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადება და მისი გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. შექმნილი მდგომარეობის განმუხტვის უპირველესი ვალდებულება მმართველ პოლიტიკურ ძალას და იმ ინსტიტუტებს აკისრიათ, რომლებიც მიმდინარე მოვლენებში უშუალოდ არიან ჩართული", -ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობოები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, არ დაიწყოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება იქამდე, სანამ დაცვის მხარე კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას არ გამოიყენებს.
ისინი მიიჩნევენ, რომ არსებულ ვითარებაში აღნიშნული ნორმის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება და ამ პროცესის სააპელაციო სასამართლოს მიერ ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება.
განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - TI Georgia; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI; ღია საზოგადოების ფონდი - OSGF; საზოგადოება და ბანკები; კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი; ცენტრი ემპათია; საფარი; ადამიანის უფლებათა ცენტრი; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - EPRC; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED; საქართველოს ატლანტიკური საბჭო; მწვანე ალტერნატივა; მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის - WEG; საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS; ლიბერალური აკადემია თბილისი; საქართველოს გაეროს ასოციაცია; მედიის განვითარების ფონდი.
ცნობისთვის: 17 თებერვალს სასამართლომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა. გახარიამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. დისკუსიის არსებობა „ქართულ ოცნებაშიც“ დაადასტურეს, თუმცა როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, მათ შესაბამისი არგუმენტაცია გახარიასგან ვერ მოისმინეს.
გახარიას გადადგომის შემდეგ შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო. ოპოზიცია ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშნვის მიზნით დიალოგის მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს.


