კითხვები ჩინურ კომპანიაში ღარიბაშვილის საქმიანობის ირგვლივ

19-02-2021 16:34:44 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრის რანგში უკვე მეორედ მობრუნების მსურველი ირაკლი ღარიბაშვილის ბიოგრაფია კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური, თუმცა ყურადღება ძირითადად უკვე ცნობილ მიმართულებებზე მახვილდება: მისი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან, ნეპოტიზმი, ხისტი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ, „კარტოგრაფების საქმე“, შესაძლო კორუფცია, ურთიერთობა რუსეთთან...თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინათინ ხიდაშელის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციამ “სამოქალაქო იდეა” კი ყურადღებას ჩინურ კომპანიაში “CEFC China Energy”–ში ღარიბაშვილის საქმიანობაზე გაამახვლა და პარლამენტს, საზოგადოებას და თავად პრემიერ–მინისტრობის კანდიდატს მიმართავს. აღნიშნული კომპანია ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წილს ამ დრომდე ფლობს და მას კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალებიც უკავშირდება. ღარიბაშვილი ჩინეთის მთავრობასთან დაახლოებულ კომპანიაში 2018 წლის თებერვალში დასაქმდა.

„აღნიშნული კომპანია, მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით გამორჩეული იყო კორუფციის, სხვადასხვა ტიპის მაქინაციების, უმაღლესი თანამდებობის პირების მოქრთამვისა და სხვა სისხლის სამართლის დანაშაულებით, კომპანიის მაღალი თანამდებობის პირების დიდი ნაწილის მიმართ, დღესაც მიმდინარეობს გამოძიება.

საქართველო დღეს იმყოფება უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და მათ შორის, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ხაზი, სწორედ საქართველოში ჩინურ-რუსულ ინტერესებზე გადის. დღემდე კომპანია CEFC საკუთრებაში რჩება ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%.

მიუხედავად იმისა, რომ თავად ჩინური კომპანია გაკოტრებულია, ვალდებულებები არ შეუსრულებია და კრედიტორების გასტუმრების პროცესში იმყოფება, დღემდე საქართველოს ხელისუფლებას საკუთრების დაბრუნების პროცესი არ დაუწყია”, – აღნიშნავს “სამოქალაქო იდეა”.

როგორც ორგანიზაცია მიუთითებს, პრობლემა ყოველდღიურად იზრდება, ვინაიდან “ფოთის სტრატეგიული ობიექტები რუსეთის სახელმწიფო ბანკის საკუთრება შეიძლება, გახდეს – ბანკის, რომლის წინაშეც უზარმაზარი დავალიანება აქვს ჩინურ კომპანიას”:

“მივმართავთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, განმარტოს თუ რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს იგი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით – მისი ყოფილი დამსაქმებელი და დღეს უკვე გაკოტრებული, სისხლის სამართლის მრავლობით დანაშაულში მხილებული კომპანიის მიერ, საქართველოში არსებული საკუთრებების სახელმწიფოსთვის დაბრუნების თვალსაზრისით?

მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ საკითხს. ეს საკითხი უკვე იყო პრობლემური ბატონი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს და ახლა უკვე, განსაკუთრებული სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი ხდება მისი შესაძლო პრემიერობის პირობებში”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები