რამდენ მილიონს ვკარგავთ ყოველდღიურად – ანალიზი

22-02-2021 10:31:26 ეკონომიკა

“ქვეყანამ ორი ლოქდაუნით მილიარდი ლარის დანაკარგი მიიღო. გამოდის, რომ დღეში ქვეყანა დაახლოებით, 16 მილიონ ლარს კარგავდა. 2021 წელს, რომელიც ლოქდაუნით გაგრძელდა, იანვარში საშუალო დღიური დანაკარგი 16 მილიონი ლარი იყო” - ამის შესახებ “საქმიანი დილის" ეთერში Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განაცხადა.

როგორც ქავთარაძემ განმარტა, თებერვლიდან ლოქდაუნის შემსუბუქება ხორციელდება, შედეგად ზარალი გასულ თვეებთან შედარებით ნაკლები იქნება.

Galt&Taggart-ის ეკონომისტმა აღნიშნა, რომ 2021 წელს ქვეყნისთვის კრიტიკული კვლავ პანდემია რჩება და სხვადასხვა სექტორებში რისკებიც სწორედ აქედან მომდინარეობს, მათ შორის – ტურიზმშიც:

“სწორედ პანდემიაზეა დამოკიდებული ტურიზმი აღდგენას როგორ დაიწყებს. ვაქცინაციასთან დაკავშირებით ეროვნული გეგმა გვაქვს და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ის განხორციელდეს, მაგრამ ამასთან ერთად ბიზნესის მიერ წესების დაცვა უნდა მოხდეს და მთავრობამ წერტილოვანი შეზღუდვები მინიმალურად დააწესოს” - განაცხადა ქავთარაძემ.

მისივე განმარტებით, მიმდინარე წელს ეკონომიკის ზრდაზე გავლენას სხვადასხვა ფაქტორები მოახდენს.

“2021 წლის მეორე ნახევრიდან ტურიზმი აღდგენას დაიწყებს და 2019 წლის შემოსავლების დაახლოებით 36% იქნება, ამ დაშვებით ვფიქრობთ, რომ ეკონომიკა შესაძლოა 5%-ით გაიზარდოს. ამ ზრდაში ტურიზმის გარდა ფისკალური სტიმულიც მნიშვნელოვანია. ხოლო ამ კუთხით განსაკუთრებით საინტერესოა, ბიუჯეტში მიმდინარე წელს კაპიტალური ხარჯების გეგმა, რომელიც რეკორდულად მაღალია,” - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.

Galt&Taggart-ის ეკონომისტმა საბანკო სექტორზეც გაამახვილა ყურადღება:

“2021 წელს საბანკო სექტორს სესხების ნაწილში 10-12%-ის ფარგლებში ზრდის პოტენციალი აქვს. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, მისი მიმდინარე დონე ითვალისწინებს იმ გაურკვევლობას, რაც პანდემიით არის შექმნილი. თუ საშუალება იქნება, რომ სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი წლის ბოლოსკენ შეამციროს, ამას რა თქმა უნდა, საბაზრო საპროცენტო განაკვეთები მიჰყვება, რაც გულისხმობს იმას, რომ მცირედით საბანკო საპროცენტო განაკვეთების შემცირებასაც უნდა ველოდოთ”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები