შსს: "ნიკა მელიას დასაკავებლად პოლიციამ გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები"

23-02-2021 09:56:16 ადამიანი და კანონი

შსს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 17 თებერვალს ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება პატიმრობის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა - ნიკანორ მელია დაკავებულია. სამართალდამცველებმა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს, ხელი არ შეეშალათ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის გონივრული ვადა მისცეს მათ. სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილებისა მიუხედავად, პარტიის ოფისთან შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ გამოიყენა იძულების კანონით გათვალისწინებული, პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები", – აცხადებენ შსს–ში.

ცნობისთვის: პოლიციამ ნიკა მელია 23 თებერვალს სპეცოპერაციის შემდეგ დააკავა. პოლიციელები იმ ოთახში, სადაც მელია იმყოფებოდა, ძალადობრივად შეიჭრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი და ენმ-ის თავმჯდომარე ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები