
ხელნაწერებში გაცოცხლებული მრავალსაუკუნოვანი ქართულ-ებრაული მეგობრული ურთიერთობების ისტორია - ონლაინგამოფენა „ქართულ-ებრაული კულტურული დიალოგის ფურცლები“
23/02/2021 07:06:19 საზოგადოება
21 თებერვალს მშობლიური ენის დღეს, ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის" და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში ონლაინგამოფენა „ქართულ-ებრაული კულტურული დიალოგის ფურცლები“ გაიმართა.
ღონისძიებაზე, რომელზეც აუდიტორია საქართველოდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდების სამეფოდან, ირლანდიიდან და აშშ–დან შეიკრიბა, წარმოდგენილი იყო: უნიკალური ლაილაშის ბიბლიის (Xს.) ერთადერი ფაქსიმულური ასლი, თორები, მარიამ დედოფლისეული „ქართლის ცხოვრება“ (1633-1645 წწ.), „ვეფხისტყაოსანი“.
აღსანიშნავია, რომ ონლაინგამოფენა საქართველოს განათლების სამინისტროს სასკოლო რეფორმის ახალი ეტაპის „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ჩატარდა, ბარდნალას საჯარო სკოლის ჩართულობით. ამდენად, ონლაინგამოფენაში აქტიურად იყო ჩართული ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალას საჯარო სკოლის 50-მდე მოზარდი.
რატომ არის ჩვენთვის ესოდენ მნიშნელოვანი, მივიტანოთ ამბავი „ქართულ-ებრაული კულტურული დიალოგის ფურცლები“ სასკოლო სივრცესთან?
კულტურათა მრავალფეროვნების, მათი თანაცხოვრებისა და ურთიერთქმედების პალიტრა ყოველთვის ფერადი და უზადო როდია. ხშირად იჩენს თავს პრობლემები სხვადასხვა ეთნიკურ თუ რელიგიურ ჯგუფთან დაკავშირებით.
საბედნიეროდ, ეს არამც და არამც არ ეხება ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს! არის ამ კავშირში რაღაც ღვთიური, საკრალური, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და აღფრთოვანებაზეა დამყარებული.
სწორედ ეს უნიკალური გამოცდილება შეიძლება იქცეს სანიმუშოდ სხვა კულტურულ, ენობრივ თუ რელიგიურ ჯგუფებთან ურთიერთობისას.
ახალგაზრდებმა მოისმინეს საქართველოსა თუ ისრაელში მოღვაწე ებრაულ-ქართული კულტურული ურთიერთობების მკვლევრების, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლების, მათი ებრაელი თანატოლების, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეფასებები.
ონლაინგამოფენაზე მონაწილეებმა ისაუბრეს სამომავლო პროექტებზე, ფონდის პრეზიდენტის თიკა სვანიძე ვენკოს განცხადებით, ფონდი აქტიურად ჩაერთვება საერთაშორისო პროექტებში, რომელთა მიზანი ქართულ-ებრაული ურთიერთობების გაღრმავება და ურთიერთანამშრომლობის შედეგად საერთო კულტურული და სამეცნიერო პროექტების განხორციელება იქნება.
არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობაში ძალიან მნიშნელოვანია ქართულ ებრაული მეგობრული ურთიერთობების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ დონეზე გააქტიურება და ამავდროულად ძალიან სასიხარულოა, რომ ამ კუთხით მნიშნელოვანი ინიციატივების ავტორები სწორედ, რომ ონლაინ გამოფენის სტუმრები იყვნენ.
ონლაინ გამოფენის საპატიო სტუმართა შორის იყვნენ: დავით ჩაჩავა - საქართველოს უფროსი კონსული ისრაელის სახელმწიფოში, მანანა დუმბაძე - ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მრჩეველი, იაკობ ოფირი (ეფრემაშვილი) საქართველოს ებრაელთა ისტორიის და ყოფის აღნუსხვის სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის დამაარსებელი და გენ.დირექტორი ისრაელში; ელენა შენგელია - ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოში ელჩის მრჩეველი და ნინო ჩანტლაძე - ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოში დიასპორასთან ურთიერთობებზე პასუხისმგებელი თანამშრომელი.
21 თებერვალს ესოდენ მასშტაბური და მაღალი კვალიფიკაციის აუდიტორიის წინაშე წარდგომა ბარდნალელი ახალგაზრდებისათვის ფრთების შესხმაა. ამ ფრთებით, ვფიქრობთ, ისინი, ყოველგვარი ხატოვანების გარეშე, გაარღვევენ, როგორც გეოგრაფიულ, ისე კულტურული მრავალფეროვნების შემაფერხებელ ჩარჩოებს და სულ უფრო მეტს შექმნიან, მეტ ინიციატივას გამოიჩენენ.