
სააკაშვილი: „ეს იქნება მძიმე ბრძოლა“
23/02/2021 09:45:44 პოლიტიკა
ივანიშვილის სპეცრაზმი მივა ყველგან და ყველა ლიდერთან, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო გადაარჩინოს სასოწარკვეთის, უბედურების, სიღატაკის ამ მძიმე ხვედრს, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას.
მისი თქმით, ამ სიტუაციიდან გამოსავალი გამარჯვებამდე ბრძოლაა.
„ისინი ამას გააგრძელებენ, იმიტომ, რომ მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ. ჩვენც სხვა გამოსავალი არ გვაქვს, გავაგრძელოთ ბრძოლა გამარჯვებამდე“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მალე საქართველოსგან თითქმის აღარაფერი დარჩება.
„ახლა რაც ხდება და ის, რომ გერმანიას სურს კომბოსტოს ამკრეფავებად წაიყვანოს 100 ათასამდე ქართველი და სამუდამოდ დაიტოვოს იქ პრაქტიკულად, მეორეხარისხოვან მოქალაქეებად, იგივე მოწვევა შესაძლოა, სხვა ქვეყნებმაც გააკეთონ, ივანიშვილი სიამოვნებით უყიდის მათ უფასო ბილეთებს ერთი მიმართულებით.
მისი მმართველობის წლებში საქართველო დატოვა 900 ათასზე მეტმა ადამიანმა. ივანიშვილის კონტროლირებადი აეროპორტებიდან ბევრად უფრო სწრაფად ხდება ყველაფერი იგივე. მალე საქართველოსგან თითქმის აღარაფერი დარჩება. ეს არის მათი გეგმა. ხელი არავინ რომ არ შეუშალოს მათ სასახლეების მშენებლობაში და მათით ტკბობაში. ქვეყანა დაიშალოს და ბოლომდე განადგურდეს. ეს არის ქართველი ხალხის გენოციდი და ის, რაც ჩვენს მტერს ყველაზე მეტად სურს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ბრძოლის ყველანაირი მეთოდის გამოყენება. საკუთარი თავის დაცვა. უნდა ვისწავლოთ და ვიცოდეთ, რომ საქმე გვაქვს სრულიად ხელაღებულ ბოროტ ძალას და მასთან კომპრომისი შეუძლებელია. ჩვენ აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ბრძოლა გამარჯვებამდე და ასეც იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. მაგრამ ეს იქნება მძიმე ბრძოლა. ეს მოითხოვს თითოეული ქართველის მიერ იმის გაცნობიერებას თუ რა საფრთხის წინაშე ვართ თითოეული ჩვენგანი“,- განაცხადა სააკაშვილმა.7