
აშშ–ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ყველაზე დიდი პაკეტის ავტორი: "საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს"
23/02/2021 16:50:16 პოლიტიკა
აშშ–ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ყველაზე დიდი პაკეტის ავტორი დენიელ ფრიდი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს ქვეყანაში არსებული დაძაბულობის განსამუხტად.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, „ატლანტიკური საბჭოს“ ევროპისა და ევრაზიის ცენტრის ანალიტიკოსმა ფრიდმა "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა, "საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს დაუყოვნებლივ და მიზანდასახულად, რათა განიმუხტოს დაპირისპირება, რომელსაც მსოფლიოში საქართველოს იმიჯისთვის - ზიანი, ხოლო ქვეყნის მტრებისთვის სარგებელი მოაქვს".
ამასთან, მისივე თქმით, თუ ხელისუფლება ამას უზრუნველყოფს, ოპოზიციურმა სპექტრმა რეაგირება უნდა მოახდინოს და "ნებისმიერ შემთხვევაში, ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობით მოიქცეს".
"არც კი მსურს იმ სანქციების ან სხვა მსგავსი ნაბიჯების წარმოდგენა, რომლებიც საქართველოს დემოკრატიის ღრმა მარცხის მანიშნებელი იქნება", – დასძინა ფრიდმა.
ცნობისთვის: ფრიდმა, რომელიც 2014 წელს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის კოორდინატორი იყო, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შეიმუშავა. აღნიშნული პაკეტი ყველაზე დიდია, რაც კი აშშ–ს რუსეთისთვის დღემდე დაუწესებია.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სამართალდამცველები ენმ–ის ოფისში შტურმით შევიდნენ და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.