ოპოზიცია ელჩებთან შეხვედრის შემდეგ: "კრიზისიდან გამოსავალია მელიას და რურუას გათავისუფლება, ვადამდელი არჩევნები"

23-02-2021 22:09:28 პოლიტიკა

ოპოზიცია ელჩებთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ კრიზისიდან გამოსავალი ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება, ასევე ვადამდელი არჩევნებია.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, მხოლოდ დასახელებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში ექნება აზრი ხელისუფლებასთან დიალოგს.

"ჩვენს ყველა პარტნიორთან საკითხი დასმული გვაქვს ასე: ამ კრიზისიდან გამოსავალი არსებობს მხოლოდ ამ გზით, განთავისუფლება ნიკა მელიასი, 8 მარტის შეთანხებიდან ჩატოვებული რურუასი, პრინციპული საკითხია ორივე. ასევე, შეწყვეტა დევნის და ახალი, ვადამდელი, ნორმალური არჩევნები", - აღნიშნა ბოკერიამ.

როგორც “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ფასილიტატორ ელჩებთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მოლაპარაკების პირობად კვლავ რჩება ვადამდელი არჩევნების გამართვა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება:

"ოპოზიციამ განაცხადა, რომ ჩვენ მიუხედავად ხელისუფლების აბსოლუტურად ამაზრზენი ქცევისა, არ ვამბობთ მოლაპარაკებებზე უარს. მაგრამ, რა თქმა უნდა, გამორიცხულია, რაიმე ტიპის შეთანხმება მოხდეს, თუ ნიკა მელია, პოლიტიკური პატიმრები დარჩებიან ციხეში, თუ პოლიტიკური დევნა გაგრძელდება, გამორიცხულია, პროცესი დალაგდეს. მთავარი პირობები არის ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. ეს არის გზა, რომ ქვეყანა გამოვიდეს ჩიხიდან”,- განაცხადა ბურჯანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ელჩებთან შეხვედრისას არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზებზე ისაუბრეს:

„საუბარი იყო ნიკა მელიას დაკავებაზე და მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმზე, იმ არალეგალურ მოქმედებებზე, რომელიც განახორციელა პოლიციამ, მათ შორის მხუთავი გაზის გამოყენებაზე. დაწვრილებით აღვწერეთ ყველაფერი, თუმცა მათ ყველაფერი ისედაც კარგად იციან. ვისაუბრეთ, თუ როგორი შეიძლება იყოს კრიზისის განმუხტვის მთავარი პლატფორმა და ეს პლატფორმა იქნება აუცილებლად პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები".

გირჩი -მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის ლიდერებმა და ელჩებმა თავიანთი პოზიციები დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთმანეთს კიდევ ერთხელ გააცნეს:

"მათ გაგვიზიარეს საკუთარი შეშფოთება, რომ მოხდა სიტუაციის ესკალაცია იმის გამო, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ. შინაარსი იყო ის, დღეს ჩვენ განცხადებებში ვიხილეთ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ასევე ევროკავშირის ელჩის. ახალი არაფერი ყოფილა. ჩვენც გავუზიარეთ ჩვენი ხედვა, როგორ ვაფასებთ სიტუაციას და რა შეიძლება იყოს აქედან გამოსავალი. ეს არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, პოლიტიკური პატიმრების გამოშვება და შემდეგ ახალი არჩევნების ჩატარება ახალი წესებით. იგივე, რაზეც ჩვენ ასევე ვსაუბრობდით. ელჩების პოზიცია ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით არ არსებობს. მათი პოზიცია იყო შეშფოთება. ჰქონდათ მცდელობა ესკალაცია არ მომხდარიყო, ამისკენ მოგვიწოდებდნენ, მაგრამ მოხდა და ცხადია, ეს არის ხელისუფლების დამსახურება".

"ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია თავისი პრინციპების ერთგული რჩება:

“საუბარი იყო, იმ ძალიან რთულ ვითარებაზე, რომელიც შეტევის შემდეგ შეიქმნა. ვითარება ძალიან რთულია, ჩვენ ვნახეთ აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის განცხადებები, სადაც მწვავედაა შეფასებული ეს ქმედებები. რა თქმა უნდა, ოპოზიცია განწყობილია იმისათვის, რომ ვითარება განიმუხტოს, მაგრამ ახლა ვითარების განმუხტვა „ქართული ოცნების“ ხელშია. სამწუხაროდ, მათი მხრიდან ისევ მოვისმინეთ დესტრუქციული განცხადებები, რომელიც საშუალებას არ იძლევა, ვითარება ნორმალიზირდეს. ოპოზიცია რჩება ერთგული თავისი პრინციპების, ჩვენ გვსურს ქვეყანაში ვითარების დეესკალაცია, ამისათვის აუცილებელია ნიკა მელიას გათავისუფლება, აუცილებელია შეთანხმება იმ საკითხებზე, რა საკითხებზეც ამდენი ხანი ბოიკოტში ვართ“.

ცნობისთვის: ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მას ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის გარდა, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ესწრებოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები