ევროპარლამენტარები – მიშელს: "მოგიწოდებთ, გამოიყენოთ საქართველოში ვიზიტი, რათა წაახალისოთ პოლიტიკური ძალები, დაუყოვნებლივ განაახლონ დიალოგი"

24-02-2021 00:41:23 პოლიტიკა

ევროპარლამენტის წევრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ერთობლივ წერილს უგზავნიან და მოუწოდებენ, თბილისში ვიზიტის დროს პარტიათაშორისი დიალოგის განახლებაზე იმუშავოს.

„საქართველოში, თქვენი უკიდურესად დროული ვიზიტის მოახლოებასთან ერთად, ჩვენ განცხადებაზე ხელმომწერი ევროპარლამენტის წევრები გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელოვან ასოცირებულ წევრ ქვეყანაში სწრაფად გაუარესებად პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით...23 თებერვალს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დახურულ სივრცეში, ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაკავების შემდეგ დაძაბულობამ მმართველ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის უკიდურესად სახიფათო დონეს მიაღწია. ევროკავშირი ვერ უგულვებელყოფს არსებულ ვითარებას, როდესაც ძალის გამოყენება და რევანშიზმი დომინანტური ტენდენცია გახდა. პოლიტიკური პოლარიზაცია და დაძაბულობა საზოგადოებასა და სახელმწიფოში საზოგადოებას უქმნის საფრთხეს. უფრო მეტიც, პოლიტიკური კრიზისი ქმნის რისკს, რომ საქართველომ გადაუხვიოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების გზას. მოგიწოდებთ, გამოიყენოთ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი პოლიტიკური ძალების წასახალისებლად, რომ განაახლონ მყისიერი მრავალპარტიული დიალოგი, რომელიც თანამშრომლობისა და ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს ხელშემწყობი კონკრეტული მემორანდუმით უნდა დაბოლოვდეს...ვიმედოვნებთ, რომ თქვენ გადასცემთ ამ გზავნილს ჩვენ პარტნიორებს და დაარწმუნებთ მათ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერაში ქართველი ხალხის უსაფრთხო და წარმატებული მომავლისთვის. ჩვენს შესაძლებლობებში, მზად ვართ, მომავალშიც მხარი დავუჭიროთ მედიაციის ძალისხმევას, რომელსაც ამ დრომდე დაუღალავად ახორციელებდა ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობები“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ: პერტას აუშტრევიჩიუსი, ანდრიუს კუბილიუსი, მარკეტა გრეგოროვა, ვიტოლდ იან ვაშჩიკოვსკი, ვიოლა ფონ კრამონი, მიხაელ გალერი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები