ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ძებნილი პირი დააკავეს
25/02/2021 10:39:29 სამართალი
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2019 წლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებისთვის ძებნილი პირი – 1972 წელს დაბადებული ბ. გ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით," ბრალდებულმა 2019 წლის აპრილში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მის ნაცნობს ა.ლ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა და მიიმალა. დაჭრილ მამაკაცს კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა".
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ზუგდიდის სასამართლომ ბ.გ. დამნაშავედ სცნო და დაუსწრებლად თავისუფლების შვიდი წლით აღკვეთა მიუსაჯა.


