სააპელაციომ საჩივარი არ დააკმაყოფილა: რა სამართლებრივი გზა რჩება?
25/02/2021 13:28:24 პოლიტიკა, სამართალი
სააპელაციო სასამართლომ ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატების სარჩელი, შეეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, დაუშვებლად ცნო. შესაბამისად, ნიკა მელია პატიმრობაში რჩება.
როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, „ეს იყო ერთადერთი იურიდიული გზა იმისთვის, რომ განმუხტულიყო კრიზისი, რათა მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დამსხდარიყვნენ“:
„დღეს ვხედავთ, რომ ეს მექანიზმიც კი არ გამოიყენა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ დაძაბულობა განმუხტულიყო და ეს ძალიან ცალსახაა. დღეს ხომ აღარავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ სასამართლო „ქართული ოცნების“ შესაბამისად მოქმედებს? მათ [სასამართლომ] ეს დავალება მიიღეს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს.
დღეს უკვე სამართლებრივი მექანიზმი აღარ მესახება. მაგრამ ეს ყველაფერი უკვე პოლიტიკურ გადაწყვტილებასთანაა კავშირში. დღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხელისუფლებამ, რა მიმართულებით მივდივართ. ვხედავთ, რომ არ იღებენ, მიუხედავად იმისა, რომ გვესმოდა ძალიან კრიტიკული განცხადებები დასავლელი პარტნიორებისგან. სხვათა შორის, დაზუსტებით ვიცი, რომ ისინი ელოდებოდნენ ამ გადაწყვეტილებას. დღეს უკვე ნახავენ, რომ ხელისუფლება არაა მზად, რამე დათმოს“.
ნიკა მელიას ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად დაუსაბუთებელია.
„ოროსანი სტუდენტის არგუმენტაციაა მოყვანილი: თითქოს სააპელაციო სასამართლოს არ შეეძლო, განეხილა ჩვენი საჩივარი, რამდენადაც, კანონი მსგავს პირდაპირ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. არც ერთი სიტყვა არაა ნათქვამი ანალოგიის წესით გამოყენებაზე, ბრალდებულის შელახული უფლებების აღდგენაზე, მით უმეტეს, რომ შუამდგომლობაში მკაფიოდ იყო მითითებული ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი სტანდარტები, რომ მინიმუმ, ორგზის უნდა ჰქონდეს პირს შესაძლებლობა, გადაისინჯოს ორ ინსტანციაში მსგავსი ტიპის უმძიმესი შეზღუდვები, როგორიც არის პატიმრობა. იმავდროულად, ჩნდება ლოგიკური შეკითხვა, თუ ასე მკაფიო იყო, რომ შუამდგომლობის განხილვა არ შეეძლო სააპელაციო სასამართლოს, სამი დღე რაში დასჭირდა? რეალურად ისინი პოლიტიკური ნების ფორმირებას ელოდებოდნენ „ქართული ოცნების“ შიგნით, თუ რა გადაწყვეტილებას დაუკვეთდნენ მოსამართლე გოგინაშვილს, რომელიც მთელი თავისი სამოსამართლეო კარიერის მანძილზე ხელისუფლებისადმი მორჩილებით გამოირჩევა“.
რაც შეეხება დარჩენილ სამართლებრივ გზებს, იურისტი განმარტავს, რომ შეწყალება არარელევანტურია, ვინაიდან განაჩენი არ არის დამდგარი. თუმცა, რჩება სხვა გზები:
„დღესვე შეუძლია პროკურატურას, იშუამდგომლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილთან და მოითხოვოს აღკვეთის ღონისძიების გაუქმება და ის გააუქმებს. ეს შესაძლებლობა მუდმივად არსებობს. ასევე არსებობს შესაძლებლობა, დაცვის მხარემ დავაყენოთ შუამდგომლობა მოსამართლე ჩახნაშვილის წინაშე. მას ამ შუამდგომლობის განხილვის ვალდებულებაც გააჩნია. მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ყველაფერი პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული და პოლიტკური ნება ამ ეტაპზე ხელისუფლებას არ აქვს, თორემ სამართლებრივი პროცედურები იძლევა შესაძლებლობას, ნებისმიერ მომენტში მოხდეს აღკვეთის ღონისძიების გაუქმება“.


