ნიკა მელიას ადვოკატი პროკურატურას პასუხობს
25/02/2021 14:29:09 სამართალი
ნიკა მელიამ პრინციპულად განაცხადა, რომ გირაოს თანხას არ გადაიხდის, რადგან ეს უკანონო მოთხოვნაა,– ასე პასუხობს ენმ–ის დაკავებული თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატი ბექა ბასილაია პროკურატურის მოთხოვნას. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ პროკურატურის უკანასკნელი ბრიფინგის შემდეგ კომუნიკაცია დაცვის ქვეშ მყოფთან არ ჰქონია.
„გირაოს საკითხი არც განიხილება. მას პრინციპული პოზიცია აქვს. ამასთან, სასამართლოს განხილვისას დადასტურდა, რომ პატიმრობის საფუძველი არ არსებობს“,– განაცხადა ბასილაიამ.
მისივე თქმით, პროკურატურის ბრიფინგზე დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემთხვევაში არა მტკიცებულებების განადგურების და მიმალვის საფრთხეა, რაც რეალურად ზოგადად წარმოადგენს პატიმრობის საფუძველს სისხლის სამართლის საქმეებში, არამედ, პროკურატურა „გირაოს მცველად გვევლინება“.
„გვესმის მათი მძიმე მდგომარეობა. ცდილობენ, თავიანთსავე ამომრჩეველთან სახის შენარჩუნებას. ფაქტია, რომ ძალიან უნდათ ნიკას გათავსიუფლება, თუმცა ამის გაკეთება უნდათ იმგვარად, რომ სახე საკუთარ ამომრჩევეთან შეინარჩუნონ“.
ამასთან, ადვოკატი დაინტერესდა, რა სამართლებრივ ჩარჩოებში საბრობდა პროკურორი? კერძოდ, როგორც ბასილაია განმარტავს, მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების დროს წინამდებარე აღკვეთის ღონისძიება – გირაო ფაქტობრივად გაუქმდა. ამდენად, ადვოკატი სვამს კითხვას, როდესაც ხელისუფლება კანონის უზენაესობაზე აპელირებს, სხვა შემთხვევებში რატომ უგულვებელყოფს მას.
ენმ–ის წევრ ხატია დეკანოიძის განცხადებით, „პროკურატურის აბსურდულმა განცხადებამ არაფერი შეცვალა“.
ენმ მოქალაქეებს 26 თებერვლისთვის დანიშნულ აქციაზე იწვევს.
ცნობისთვის: პროკურატურაში დღის მეორე ნახევარში განაცხადეს, რომ ნიკა მელია გირაოს თანხას – 40 000 ლარს გადაიხდის, სახელმწიფო ბრალდება მზადაა, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის მოთხოვნით მიმართოს.


