
აფხაზეთის “პარლამენტის” თანამშრომელი კრიპტოვალუტის გამომუშავებისთვის საჭირო ტექნიკის უკანონო გადაზიდვაში ამხილეს
26/02/2021 08:00:29 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის “პარლამენტის” დეპუტატის თანაშემწე კრიპტოვალუტის გამომუშავებისთვის საჭირო ტექნიკის უკანონო გადაზიდვაში ამხილეს.
როგორც აფხაზური სააგენტოები იუწყებიან, აღნიშნული პირი მოკვლევის დასრულებამდე თანამდებობიდანაა გათავისუფლებული.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, “პარლამენტის” თანამშრომელმა ტექნიკა რუსეთიდან აფხაზეთში ე.წ. სახელმწიფო ტრანსპორტით შეიტანა, რომელიც სოჭში შესაკეთებლად იყო ჩატანილი.
როგორც ჟურნალისტებს აფხაზური ე.წ. საბაჟო სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა, მანამდე დაფიქსირდა კიდევ ერთი მსგავსი ფაქტი, როცა აფხაზეთში „სახელმწიფო” მანქანით კრიპტოვალუტის მოსაპოვებელი 7 აპარატი გადაჰქონდათ.
მისივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში აფხაზეთიდან უკვე გატანილია დაახლოებით 6,600 ასეთი დანადგარი.
ცნობისთვის: დე ფაქტო მთავრობამ ბიტკოინების მოპოვება 2021 წლის 1 ივნისამდე აკრძალა. დაუშვებელია კრიპტოვალუტის გამომუშავებისთვის საჭირო ტექნიკის ტრანსპორტირებაც.
შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტის თვითნებურად ამოქმედებულმა ფერმებმა აფხაზეთს ელექტროენერგიით მომარაგების კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა ენგურჰესის სარემონტოდ გაჩერების ფონზე.