ალიევი: "იმედი მაქვს, სომხეთის მოვლენები ყარაბაღის ირგვლივ მიღწეულ შეთანხმებებზე არ აისახება"

26-02-2021 13:07:54 კავკასია

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ერევანში მიმდინარე მოვლენები სომხეთის შიდა საქმეა. ილჰამ ალიევი იმედოვნებს, რომ ეს არ აისახება მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ მიღწეულ შეთანხმებაზე, რომელსაც მან, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი.

«დღეს სომხეთი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ იქ მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვნად არყევს ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს. ომის შედეგები არ იცვლება და უცვლელი დარჩება. გასული წლის 10 ნოემბერს ხელმოწერილი ერთობლივი განცხადება სრულად უნდა აღსრულდეს. მისი პირობების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, თუმცა არის საკითხები, რომლებიც ამჟამად განხილვის საგანს წარმოადგენს. იმედი მაქვს, სომხეთში შექმნილი ვითარების მიუხედავად, 10 ნოემბრის ერთობლივი განცხადება შესრულდება», – აღნიშნა მან.

ამასთან, ალიევის შეფასებით, "ერევანს დიდი არჩევანი არ აქვს - ის უნდა შეეგუოს ახალ რეალობას":

«ჩვენ შევქმენით ახალი რეალობა და მასში ყველაზე მისაღები არჩევანი სომხეთისთვის 10 ნოემბრის სამმხრივი განცხადების პირობების აღსრულებაა. აზერბაიჯანი იმოქმედებს მყისიერად, თუკი დაინახავს სომხეთის მხრიდან რევანშის ნებისმიერ განზრახვას. სომხეთის პოლიტიკური წრეების მიერ ამის აღქმა გრძელვადიანი მშვიდობის კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა".

ცნობისთვის: 25 თებერვალს, დილით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შესახებ განაცხადა და მხარდამჭერებს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის შეიარაღებული ძალები გენერალურმა შტაბმა ფაშინიანს გადადგომა მოსთხოვა. საპასუხოდ პრემიერმა გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან ონიკ გასპარიანი გაათავისუფლა.

ერევანში მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა ფაშინიანის მხარდამჭერებისა და მოწინააღმდეგეების აქციები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები