სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ზუგდიდში პოლიციელების მიერ იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
26/02/2021 15:04:11 სამართალი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება 2021 წლის 26 თებერვალს ზუგდიდში დევნის ოპერაციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ იარაღის გამოყენებით განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლების მიერ ამ ეტაპზე ტარდება პირველადი საგამოძიებო მოქმედებები - ექსპერტების მონაწილეობით მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ნივთიერი მტკიცებულებების მოპოვება. ასევე, ხდება მოწმეთა იდენტიფიცირება მათი გამოკითხვისა და მათთან სხვა საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით. დღესვე, დაინიშნება სამედიცინო ექსპერტიზა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს“,– ვკითხულობთ ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.
ცნობისთვის: ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, 26 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში ყაჩაღობა მოხდა.
შსს–ს ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ოქროს ბირჟაზე შეიჭრა და ერთ-ერთ გამყიდველს ოქროს ნივთები იარაღის მუქარით გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„რუსთაველის ქუჩიდან მოშორებით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები შენიშნა, მათი მიმართულებით იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უკიდურესი ღონისძიების სახით, საპასუხო სროლა მოჰყვა, ვინაიდან არსებობდა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე.
შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელი - 1996 წელს დაბადებული პირი პოლიციის მიერ უგონო მდგომარეობაში იქნა ნანახი, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები“,– იუწყება შსს.


