
"დღეს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან მივალ. ეს ხაზი არის კიდევ ერთი შეხსენება საქართველოსთვის, რომ ძირითად ღირებულებებთან დაკავშირებით გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანია"
01/03/2021 07:12:54 კონფლიქტები, პოლიტიკა
"ძალიან მნიშვნელოვანია ძირითად ღირებულებებთან დაკავშირებით გაერთიანება, ამაში შეგიძლიათ, ევროკავშირის ჩართულობის იმედი გქონდეთ", – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ კონფლიქტებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორე ევროკავშირის მყარი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასთან დაკავშირებით. დღის მეორე ნახევარში მექნება საშუალება, ადმინისტრაციული დემარკაციის ხაზთან მივიდე. კიდევ ერთი შეხსენება საქართველოსთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ძირითად ღირებულებებთან დაკავშირებით გაერთიანება და ამაში თქვენ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, ევროკავშირის ჩართულობის იმედი გქონდეთ“,- განაცხადა შარლ მიშელმა.
შეგახსენებთ, რომ მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდა. აღნიშნულის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა.
გარდა ამისა, შარლ მიშელი თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ოფისს გახსნის, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებს უმასპინძლებს და მათთან გამართავს შეხვედრას.
დღესვე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.
შარლ მიშელი საქართველოს გუშინ ეწვია. იგი თბილისს 2 მარტს დატოვებს.