დაღესტანში, ძიუდოში იუნიორთა ტურნირზე მასობრივი ჩხუბი მოხდა

01-03-2021 12:41:57 კავკასია

დაღესტნის ქალაქ კასპიისკში, ძიუდოში იუნიორთა შორის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის პირველობაზე მასობრივი ჩხუბი მოხდა. მასში ჯერ დაღესტნელი და ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩასული გულშემატკივრები ჩაებნენ, ხოლო მოგვიანებით მათ თავად სპორტსმენებიც შეუერთდნენ.

Кавказ.Реалии-ს ინფორმაციით, ინციდენტი ალი ალიევის სახელობის სპორტის სასახლეში შეჯიბრის პირველსავე დღეს მოხდა, როცა ტატამზე 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ერთმანეთს დაღესტნელი აბდულკადირ აბდულკადიროვი და ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენელი სარმათ გოპოევი ხვდებოდნენ.

ტრიბუნებზე დაწყებულმა მასობრივმა ჩხუბმა, რომელშიც რამდენიმე ათეული გულშემატკივარი იყო ჩაბმული, მალე ტატამზე გადაინაცვლა და მას სპორტსმენებიც შეუერთდნენ.

დაკავებულია რამდენიმე პირი. დაღესტნის ძიუდოს ფედერაცია შემოწმებას ატარებს, სპორტსმენები კი, რომლებმაც ჩხუბში მიიღეს მონაწილეობა, დისკვალიფიცირებულები არიან.

2019 წლის დეკემბერში მასობრივი ჩხუბი ნაზრანში, საბრძოლო სამბოს ტურნირზე, ჩეჩენ და ინგუშ სპორტსმენებს შორის მოხდა. მაშინ საქმეში პროკურატურაც ჩაერთო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები