რუსეთმა ხორბლის საბაჟო გადასახადი გააძვირა: საქართველო ალტერნატიულ გზებს განიხილავს

01-03-2021 14:41:02 ეკონომიკა

რუსეთმა ხორბლის საბაჟო გადასახადი გააძვირა, რის გამოც, საქართველო მას ნაწილობრივ ყაზახური ხორბლით ჩაანაცვლებს. განიხილება უკრაინული და რუმინული ბაზრებიც. ამის შესახებ "საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ფასის ცვლილებას არ გამოიწვევს.

"1 მარტიდან რუსეთიდან შემოტანილი ხორბლის საბაჟო გადასახადი გაიზარდა – 50 ევრო გახდა. შესაბამისად, ამ ყველაფერმა საკმაოდ დაძაბა სიტუაცია მსოფლიო ბაზრებზე: რუსეთი ერთ-ერთი დიდი მოთამაშეა და ყველა ქვეყნისთვის გაძვირდა ხორბალი. აქედან გამომდინარე, შეიქმნა გარკვეული დეფიციტი. ამიტომ, რუსეთიდან შემოსული ხორბალი, გარკვეული რაოდენობით ჩანაცვლდა ყაზახური ხორბლით. ასევე, შეიძლება, ჩანაცვლდეს უკრაინული ხორბლითაც, შესაძლებელია რუმინულიც იყოს.

ამ ეტაპზე მთლიანად არ გადავდივართ რუსულიდან ყაზახურ ხორბალზე, იმიტომ, რომ რაოდენობრივად ყახაზური ხორბლის რაოდენობა არ არის იმდენი, რომ მთლიანად ეყოს საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და სხვა ქვეყნებს. შესაბამისად, იქნება გარკვეულწილად ჩანაცვლება, მაგრამ არა მთლიანი რაოდენობით", - განაცხადა ლევან სილაგავამ.

მისივე განცხადებით, ქვეყანას დაახლოებით 2 თვის ხორბლის მარაგი მუდმივად აქვს და სახელმწიფო ასუბსიდრებს, რომ ქვეყანაში პური არ გაძვირდეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები