
"ფაშინიანს რუსული "ისკანდერების" შესახებ არასწორად მოახსენეს"
01/03/2021 11:24:19 კავკასია
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსული "ისკანდერების" საკითხში პოზიცია შეიცვალა. მას თურმე, რუსული იარაღის ხარისხის შესახებ "არასწორად მოახსენეს", - განუცხადა «Арменпресс» ფაშინიანის პრეს-მდივანმა მანე გევორქიანმა.
«არსებული ფაქტებისა და მონაცემების შედარების საფუძველზე სომხეთის პრემიერ-მინისტრი მივიდა დასკვნამდე, რომ მას ამ საკითხთან დაკავშირებით არასწორად მოახსენეს. მეტიც, პრემიერ-მინისტრის განცხადებას არავითარი კავშირი არ აქვს სამხედრო და სამხედრო-სამრეწველო სფეროში სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების ხარისხსა და შინაარსთან. ეჭვს არც ის გარემოება იწვევს, რომ რუსული იარაღი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. სომხეთის რესპუბლიკა აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას რუსეთთან სამხედრო მრეწველობის, ასევე მაღალი ტექნოლოგიების სფეროებში და აპირებს, გადადგას ნაბიჯები მისი შემდგომი გაღრმავებისთვის», – აღნიშნა გევორქიანმა.
ცნობისთვის: სომხეთში შიდაპოლიტიკური ვითარების ბოლოდროინდელი გამწვავების ერთ-ერთ მიზეზად იქცა დავა პრემიერ ფაშინიანსა და სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის ყარაბაღის მეორე ომის დროს რუსული იარაღის, კერძოდ "ისკანდერის" კომპლექსის გამოყენების თაობაზე.
სომხეთის ექს-პრეზიდენტმა სერჟ სარსიანმა განაცხადა, რომ სომეხ სამხედროებს "ისკანდერები" შეიარაღებული კონფლიქტის პირველივე დღეებში უნდა გამოეყენებინათ. საპასუხოდ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებაში არსებულმა რუსულმა "ისკანდერებმა" 2020 წლის შემოდგომის კონფლიქტის დროს დაბალი ეფექტურობა აჩვენა - "არ ფეთქდებოდა, ან ფეთქდებოდა მხოლოდ 10%-ით».
გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალი ტიგრან ხაჩატურიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ფაშინიანის ნათქვამს "შეუძლებელი" უწოდა და განაცხადა, რომ "დასკვნების ზედაპირულ შეფასებებზე დაყრდნობით გამოტანა დაუშვებელია".
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ფაშიანიანის განცხადება უარყო და განაცხადა, რომ "ყარაბაღის კონფლიქტის დროს "ისკანდერები" გამოყენებული საერთოდ არ ყოფილა, სომხეთის პრემიერი კი შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანეს". ამასთან, მოსკოვი ირწმუნება, რომ სირიაში "ისკანდერებმა" მაღალი საბრძოლო ეფექტურობა აჩვენა.
25 თებერვალს, როდესაც ფაშინიანსა და პუტინს შორის დასაწყისში ხსენებული სატელეფონო საუბარი შედგა, სამხედროებმა სომხეთში ფაშინიანის გადადგომა მოითხოვეს. საპასუხოდ პრემიერმა ისინი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა და პრეზიდენტს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელ ონიკ გასპარიანის გადაყენების შესახებ განაცხადით მიმართა. თუმცა პრეზიდენტმა მას ხელი არ მოაწერა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021