ევროკავშირმა ნავალნის გამო რუსეთის მიმართ სანქციებს მხარი დაუჭირა

01-03-2021 16:09:04 ევროპა

ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენლებმა რუსეთის მიმართ სანქციები შეათანხმეს. ამასთან, მათ მიერ პირველად იქნა გამოყენებული სპეციალური მექანიზმი ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის.

შეზღუდვები შეეხება ოთხ ჩინოსანს, რომელსაც, ბრიუსელის აზრით, კავშირი აქვს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის სისხლის სამართლებრივ დევნასთან.

სია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 2 მარტს გამოქვეყნდება, - იუწყება "რადიო თავისუფლება".

წინასწარი ინფორმაციით, მასში არ მოხვდნენ მსხვილი ბიზნესმენები, რომელთა სანქცირებას ნავალნის მხარდამჭერები მოითხოვდნენ. "Reuters: წერდა, რომ სანქცირებულთა შორის შესაძლოა, ყოფილიყვნენ რუსეთის სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბასტრიკინი, როსგვარდიის ხელმძღვანელი ვიქტორ ზოლოტოვი, გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვი და სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე კალაშნიკოვი.

სანქციების მიზეზად ნავალნის დაპატიმრება და მისთვის "ივ როშეს" 2014 წლის საქმეზე პირობითი მსჯავრის რეალურით შეცვლა იქცა. ევროკავშირი ნავალნის დევნას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

17 თებერვალს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ოპოზიციონერის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

თავის მხრივ, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ოპოზიციონერისთვის პიტობითი მსჯავრის რეალურით შეცვლისას არც მისი კონსტიტუციური უფლებები დარღვეულა და არც საერთაშორისო კონვენციები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები