
პუტინი–საქართველოსთვის სანქციების დაწესებაზე: "მე ამას არ გავაკეთებ"
09/07/2019 12:45:37 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საქართველოს მიმართ სანქციების დაწესების წინააღმდეგ გამოვიდა.
"მე ამას ქართველი ხალხისადმი პატივისცემით არ გავაკეთებ", - განაცხადა, რუსული მედიის ცნობით, პუტინმა.
იხილეთ ასევე: „პუტინის დაპირების მიუხედავად, დუმიდან საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შესახებ განცხადებას უკან არ გავიწვევთ“
პუტინის განცხადებას უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა:
„რა გითხრათ ახლა, პუტინს როგორ შესტკივა გული, შეგიძლიათ ჩაბრძანდეთ ზუგდიდში, გადაბრძანდეთ ხიდზე და ნახავთ. ასევე ცხინვალის რეგიონში, მავთულხლართებთან რომ მიხვალთ, იქ ნახავთ, როგორ შესტკივა პუტინს საქართველოზე გული. პუტინს საქართველოზე გული არ შესტკივა, მაგრამ ერთი ჟურნალისტის აბსოლუტურად გააზრებული თუ გაუაზრებელი განცხადების გამო, ასე ღრმად გართულება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის, რა თქმა უნდა, არ იყო სწორი“.
ცნობისთვის: დღეს რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა.
დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია დუმის დსთ-ის საკითხთა კომიტეტის მიერ, ითვალისწინებს რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას. ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას.
დუმა მთავრობას სთავაზობს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას 2006 წლის 30 დეკემბრის კანონის „სპეციალური ეკონომიკური ზომებისა და იძულებითი ზომების შესახებ“ საფუძველზე.
დუმის გადაწყვეტილება ძალაში იმ შემთხვევაში შევა, თუ მას მთავრობაც დაუჭერს მხარს და პრეზედენტიც მოაწერს ხელს.
ცნობისთვის: თბილისში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.
რუსეთის ხელისუფლებამ თბილისში განვითარებული მოვლენები “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, კრემლმა საქართველოში მყოფ რუს ტურისტებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ კრემლში "რუსთავი 2"–ის ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინების გამოც გაღიზინდნენ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021