ფაშინიანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისა და საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით გამოვიდა

01-03-2021 22:23:03 კავკასია

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომლის გადადგომას მოითხოვენ ამ დღეებში მიმდინარე ქუჩის აქციებზე ოპოზიციის მხარდამჭერები, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და სომხეთში მმართველობის ფორმის შეცვლის ინიციატივით გამოვიდა.

ერევნის ცენტრში, მხარდაჭერთა მრავალათასიან მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას ფაშინიანმა განაცხადა, რომ მოახდენს ოქტომბერში რეფერენდუმის გამართვის ინიცირებას, რათა ქვეყანა საპარლამენტო მმართველობიდან კვლავ ნახევრადსაპრეზიდენტოს დაუბრუნდეს.

  • ცნობისთვის: სომხეთი ნახევრადსაპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე სულ ორიოდ წლის წინ - 2018-ში გადავიდა. ამ ცვლილების მხარდამჭერებს გათვლა იმაზე ჰქონდათ, რომ ექს-პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ძალაუფლებას შეინარჩუნებდა, გახდებოდა რა პრემიერი. თუმცა ეს გეგმა ფაშინიანის მხარდამჭერების მასობრივმა საპროტესტო აქციებმა ჩაშალა, რომელთა შედეგად საბოლოოდ ფაშინიანის გაპრემიერება იქნა მიღწეული.

ფაშინიანმა აღნიშნა ისიც, რომ თანახმაა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, თუ ამას ოპოზიცია დასთანხმდება.

პრემიერის მოწინააღმდეგეები მის გადადგომას მოითხოვენ, ადანაშაულებენ რა ფაშინიანს, მათ შორის, ყარაბაღის მეორე ომში გასული წლის მარცხში.

ბოლო დღეებში სომხეთში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა პრემიერსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელ ონიკ გასპარიანს შორის დაპირისპირების გამო. გასპარიანი პრემიერისა და მთავრობის გადადგომას მოითხოვდა. საპასუხოდ ფაშინიანმა პრეზიდენტ არმენ სარქისიანს გასპარიანის გადაყენების შესახებ განაცხადით მიმართა, თუმცა ამ უკანასკნელმა მის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა.

ცნობისთვის: დღეს ერევანში ნიკოლ ფაშინიანის როგორც მომხრეების, ისე მოწინააღმდეგეების აქციები იმართება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები