
აფხაზეთის "ომბუდსმენი" ენგურზე გადაადგილების გახსნას ითხოვს
02/03/2021 09:39:29 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის "ომბუდსმენი" ასიდა შაკრილი ენგურზე არსებული შეზღუდვების გადახედვასა და გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფას ითხოვს. შესაბამისი განაცხადით მან დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მიმართა.
როგორც შაკრილის წერილშია აღნიშნული, მოსახლეობის კორონავირუსული ინფექციისგან დაცვის მოტივით შემოღებული შეზღუდვები ამ საფრთხის ადექვატური უნდა იყოს.
"გალის რაიონის მკვიდრთა დიდი ნაწილი შეზღუდულია თავის უფლებებში, რაც, ბუნებრივია, აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონების ქართული მოსახლეობის მიერ დისკრიმინაციად აღიქმება. მიუხედავად იმისა, რომ როგორც აფხაზეთში, ისე საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება ამ დროისთვის მნიშვნელოვნად შემსუბუქდა და შესაბამისად, მრავალი შეზღუდვაც მოიხსნა, საზღვარზე ამ დრომდე არსებული შეზღუდვების გამო გალელები შეზღუდულები არიან მათი უფლებების რეალიზებაში" - ნათქვამია ომბუდსმენის წერილში.
როგორც ასიდა შაკრილი აღნიშნავს, დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტილობის გამო პრობლემებს განიცდის ახალგაზრდობა, რომელიც ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობს, ან ჩასაბარებლად ემზადება.
«გარდა ამისა, როგორც ცნობილია, აფხაზეთის მაცხოვრებელთა (უმთავრესად გალის რაიონის მკვიდრთა) დიდი რაოდენობა, რომელიც ქრონიკულ დაავადებებს უჩივის, ქართულ კლინიკებში მკურნალობს და ბევრ მათგანს დროდადრო საქართველოში გადასვლა ესაჭიროება. ამასთანავე, შეზღუდვების გამო გალის რაიონის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, რომელიც ქართულ შემწეობებს იღებს, ვერ მიიღებს მათ აფხაზეთში და შესაბამისად, საქართველოში გადასვლა სჭირდება. ამგვარად, თითქმის ერთი წლის განმავლობაში თავისუფალი გადაადგილებისა და საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას მოკლებული მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ გახშირდა საზღვრის არალეგალური კვეთის შემთხვევები (დაფიქსირებულია 4 ათასამდე მსგავსი შემთხვევა), ადმინისტრაციული სასჯელი კი 4800-დან 6000 რუბლამდე თანხაა, რაც გალელებისთვის დამატებით ფინანსურ ტვირთად იქცა. ამასთანავე, საზღვრის არალეგალური კვეთა კორონავირუსული ინფექციის გავრცელების კონტროლის შესაძლებლობას სპობს», – ნათქვამია "ომბუდსმენის" მიმართვაში.
ასიდა შაკრილი მოუწოდებს ასლან ბჟანიას, "გადადგას აუცილებელი ნაბიჯები ადამიანის უფლებების დასაცავად, მოსახლეობის კორონავირუსული ინფექციისგან დასაცავად საჭირო ყველა ზომის გათვალისწინებით".
"წლის განმავლობაში საზღვარი 5-ჯერ გაიხსნა - ყოველ ჯერზე მხოლოდ რამდენიმე დღით, აფხაზეთის მკვიდრთა დაბრუნებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის მიზნით. 2020 წლის 15 ოქტომბრიდან 30 დეკემბრამდე ჰუმანიტარული დერეფანი გახსნილი იყო ასევე საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებისთვის, რომლებიც საქართველოში პენსიებსა და სოციალურ შემწეობას იღებენ. პირთათვის, რომელთაც ქართულ კლინიკებში გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიღება სურდათ, ენგურის ხიდის დაუბრკოლებლად კვეთის შესაძლებლობა იყო შექმნილი" - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: ამ მიმართვამდე ასიდა შაკრილმა გალის რაიონის ქართული მოსახლეობის პასპორტიზაციის საკითხი წამოჭრა. ვეტერანთა პრორუსულმა, რევანშისტულად განწყობილმა ოპოზიციურმა ორგანიზაცია "არუაამ" კი მაშინვე შეშფოთება გამოხატა თემის აქტუალიზების გამო. კერძოდ, ორგანიზაცია გამოეხმაურა «Гал ТВ»-ს რეპორტაჟს ასიდა შაკრილის მონაწილეობით რაიონში ჩატარებული თათბირის თაობაზე და შეახსენა მოქმედ დე ფაქტო ხელისუფლებას, რომ "ამ რაიონის მკვიდრთა მოქალაქეობის საკითხმა 2014 წლის ცნობილი მოვლენები გამოიწვია".
ცნობისთვის: 2014-ში გალის რაიონის ქართველობის პასპორტიზაციის საკითხი ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია იყო,რომლის საფუძველზეც იმჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი (ამჟამად დე ფაქტო პრემიერის თანამდებობას იკავებს, თუმცა კორონავირუსული ინფექციის გართულების გამო მოსკოვშია გადაყვანილი სამკურნალოდ და მის მოვალეობას ვლადიმირ დელბა ასრულებს) აფხაზეთიდან გააძევეს.
ახლაც პრორუსული ოპოზიცია, რომელიც მეტწილად ყოფილი კორუმპირებული ჩიოსნებითაა დაკომპლექტებული, გალის ქართველობის, ასევე ქართულ მხარესზთან დიალოგისა და თანამშრომლობის ინიციატივების გამო მოქმედ დე ფაქტო ხელისუფლებას რევანშს უმზადებს.