„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო დედამიწის ცენტრი არ არის. შარლ მიშელმა შესაძლებლობა გააჩინა“

02-03-2021 17:58:37 კომენტარი

თუ ტურნეს დიდ სურათში შევხედავთ და არა მხოლოდ საქართველოს კონტექსტში, დავინახავთ, რომ ზოგადად ვიზიტია ძალიან მნიშვნელოვანი, – ასე აფასებს ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე "აქცენტთან" ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტს. ამ კონტექსტში ის ყურადღებას ამახვილებს ქვეყნებზე, ტურნეს ფარგლებში სად იმყოფებოდა ევროკავშირის ერთ–ერთი მაღალი თანამდებობის პირი: მოლდოვა, საქართველო, უკრაინა – ქვეყნებში, რომელთაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება აქვთ გაფორმებული.

ჩხიკვაძის დაკვირვებით, სწორედ ეს არის ვიზიტის უმთავრესი გზავნილი, აღმოსავლეთ პარტნიორობის იმ ქვეყნების, რომელთაც აღნიშნული შეთანხმება აქვთ, გარკვეული დიფერენცირება ხდება მათგან, რომელთაც არ აქვთ.

ინფორმაციისთვის: აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრები არიან საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ამ ექვსი ქვეყნიდან მხოლოდ პირველ სამს აქვს გაფორმებული.

„შესაბამისად, ამ ქვეყნებს მეტი ამბიცია აქვთ, დაუახლოვდნენ ევროკავშირს“,– ამბობს „აქცენტთან“ ჩხიკვაძე.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოში ვიზიტის დროს და 1 მარტის მცდელობას, შეწყვეტილი დიალოგს გარკვეული მიმართულება მისცემოდა, ჩხიკვაძე რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:

საქართველო მსგავსი დონის ვიზიტებით განებივრებული არაა;

იერარქიულად ევროკავშირის „ლიდერშიფში“ 4–5 განსაკუთრებული დატვირთვის მქონე თანამდებობაა, მათ შორისაა შარლ მიშელის პოზიცია – ევროპული საბჭოს პრეზიდენტი;

შარლ მიშელმა გააჩინა შესაძლებლობა, რომელიც ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ უნდა გამოიყენოს.

„ერთ–ერთი უმთავრესი საკითხი, რაზეც აქცენტი კეთდებოდა, იყო პოლიტიკური კრიზისი და პოლარიზაცია. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ შარლ მიშელი ეცადა, რაღაცნაირად თანამშრომლობის ჩარჩო ჩამოყალიბებულიყო. ცხადია, მიშელი ყოველდღიურ რეჟიმში საქართველოში არ იქნება და იმუშავებს, რადგან ამ საკითხებზე საქართველოში ევროკავშირის ელჩი მუშაობს. ინსტრუქტაჟი, რომ უნდა მომხდარიყო ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადასვლა, საყურადღებო იყო. რა თქმა უნდა, მხოლოდ მედიატორებზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული, თავად უნდა გადავდგათ ნაბიჯები პოზიციების დასაახლოვებლად, რათა კრიზისი კიდევ უფრო არ გაღრმავდეს. ცხადია, ამ პროცესში წილობრივად უფრო მეტი პასუხისმგებლბა ხელისუფლებას ეკისრება. იმის გათვალისწინებით, რომ პრემიერის პირველი ვიზიტი ბრიუსელში უნდა შედგეს (როგორც აქამდე ხდებოდა), ვიზიტამდე ხელისუფლების მხრიდან კრიზისის განმუხტვის გარკვეული ხედვა უნდა იყოს შემოთავაზებული“.

ჩხიკვაძე შეგვახსენებს იმასაც, რომ ევროკავშირს საქართველოს მიღმა მრავალი გამოწვევა აქვს, ხოლო შესაძლებლობებით სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში, უპირველესად, სწორედ საქართველო დაზარალდება:

„გუშინ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ევროკავშირს საქართველოს გარდა საფიქრალი არ აქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არ არის დედამიწის ცენტრი. ევროკავშირს, თავად მიშელს და მის სამსახურს ძალიან ბევრი საკითხი აქვს მოსაგვარებელი მსოფლიოს მასშტაბით: საქართველოში ის მოლდოვიდან ჩამოვიდა, სადაც პოლიტიკური პრობლემებია; საქართველოდან უკრაინაში გაემგზავრა, სადაც არანაკლებ კრიზისული ვითარებაა; არ უნდა დაგვავიწყდეს კოვიდი, იგივე დემოკრატიის პრობლემები წევრ სახელმწიფოებსა და სამეზობლოში... ამდენად, არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, თითქოს მისთვის მხოლოდ საქართველოს საკითხია დღის წესრიგში. ის არა ერთი რომელიმე ქვეყნის, ევროკავშირის ერთ–ერთი უმაღლესი ორგანოს წარმომადგენელია და მისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოში არსებული სიტუაცია. მან გააჩინა შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. გარკვეული გზა მოგვცა, თუ რა მიმართულებით წავიდეთ. არ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული იმედზე, რომ მიშელი გადაგვიჭრის ყველა საკითხს და პრობლემას“.

ჩხიკვაძის ანალიზით, კრიზისის შენარჩუნების შემთხვევაში უპირველესად სწორედ საქართველო დაზარალდება:

„ევროკავშირისთვის სულ ერთი არ არის, რა სიტუაცია იქნება საქართველოში. ამის გამო ცდილობდა პოზიციების დაახლოებაზე მუშაობას შარლ მიშელი, მაგრამ პირველ რიგში ვინც დაზარალდება, ვიქნებით ჩვენ და არა ევროკავშირი: იქნება პოლიტიკური არასტაბილურობა; თუ გაგრძელდება მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული უდიდესი პრობლემები, ქვეყანაში არ შემოვა ინვესტიციები, ამას მოჰყვება უმუშევრობის ზრდა – ჩვენ ვზარალდებით და არა ევროკავშირი. ამიტომაა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, პოზიციების დაახლოება“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები