ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდა

03-03-2021 11:49:25 სამართალი

ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის სასამართლო პროცესი განახლდა.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, სასამართლომ საგამოძიებო ინტერნეტ პლატფორმა Bellingcat-ის წარმომადგენელი დაკითხა.

უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე სასამართლო პროცესზე მოწმის სახელი, გვარი და საცხოვრებელი ადგილი არ გაუმჟღავნებიათ. „დოიჩე ველე“ წერს, რომ მოწმეს იმდენად მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს, რომ მისი დაკითხვისთვის სასამართლომ ოთხი დღე გამოყო.

Bellingcat-ის წარმომადგენლის ჩვენების თანახმად, რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირი აქვს მკვლელობაში ბრალდებულის ცოლსაც. კერძოდ, მოწმის მტკიცებით, 2019 წელს ვადიმ კრასიკოვის მეუღლე და შვილი მოსკოვის დემოდედოვოს აეროპორტიდან ყირიმში, შეცვლილი სახელებითა და გვარებით, რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელთა თანხლებით გაემგზავრნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქეა. გერმანიის ფედერალური პროკურატურა რუსეთის ხელისულებას ხანგოშვილის მკვლელობის დაკვეთაში ადანაშაულებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები