Accentnews.ge
ქართველი და აზერბაიჯანელი დიპლომატები გარეჯის თემაზე ბაქოში მსჯელობენ

ქართველი და აზერბაიჯანელი დიპლომატები გარეჯის თემაზე ბაქოში მსჯელობენ

14/05/2019 11:47:08 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ქართველი და აზერბაიჯანელი დიპლომატები ამ წუთებში ბაქოში ორი ქვეყნის საზღვრის დადგენის საკითხზე, მათ შორის დავით–გარეჯის სადავო ნაწილის ბედზე მსჯელობენ. როგორც „რუსთავი 2“–ს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელდარ მამადიაროვმა განუცხადა, შეხვედრა ბაქოში მიმდინარეობს.

აზერბაიჯანელი დიპლომატის თქმით, არსებობს შესაძლებლობა, გამოიძებნოს ორივე ქვეყნისთვის მისაღები პოლიტიკური გამოსავალი. 

მამადიაროვის აღნიშნავს, რომ გარკვეული იდეები აზერბაიჯანული მხარისთვის მისაღებია.  

„ამ წუთებში, ბაქოში კომისიის [საზღვრის დამდგენი] სხდომა მიმდინარეობს, სადაც ელიმინაციის საკითხი განიხილება. შეხვედრას ესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე [ლაშა დარსალია]. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და ვცდილობთ, კითხვები მოვაგვაროთ. არსებობს გარკვეული იდეები, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ. საუბარია 2–ნახევარ კილომეტრიან მონაკვეთზე, დანარჩენი ტერიტორიის ელიმინაცია დასრულებულია. კომისია რუქის დახმარებით იმუშავებს და როდესაც პროცესი დასრულდება, ჩვენ უნდა ვიპოვოთ პოლიტიკური გამოსავალი ისე, რომ ორივე მხარე მოგებულ პოზიციაში დარჩეს. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია“ - განაცხადა ელდარ მამადიაროვმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა კონსტრუქციულად ჩაივლის.

„სამუშაო კომისიების თანათავმჯდომარეებს შორის პირველი შეხვედრა ბაქოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ჩემი მოადგილე, სხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად ხვდება აზერბაიჯანელ კოლეგებს. იმედი მაქვს, ეს შეხვედრა კონსტრუქციულად ჩატარდება ისე, როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას შეესაბამება. ამის თქმის საფუძველს აზერბაიჯანელი კოლეგისგან მიღებული ინფორმაციაც მაძლევს. ისინი მზად არიან კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არსებული მდგომარეობა ცალკეულმა მხარეებმა არ გამოიყენონ.


„არ შეიძლება, რომ ვინმემ პოლიტიკური ქულები დაიწეროს, აქ დამარცხებული იქნება საქართველო, დამარცხებული იქნება აზერბაიჯანი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. რა თქმა უნდა, იხეირებს ის ძალა, რომელსაც ძალიან სურს, რომ გააღვივოს მწვავე ურთიერთობა. მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები არის ოკუპირებული, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ სიტუაციის შემდგომი გამწვავება“, -აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს მთავრობამ განახლებული კომისია გასულ კვირას დაამტკიცა. ქართულ ჯგუფს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს.

ცნობისთვის: სსრკ-ის დაშლისა და საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დღემდე ოფიციალურად სახელმწიფო საზღვრის მხოლოდ ნაწილია განსაზღვრული. პროცესი ძირითადად მე–6 საუკუნის ქართული კულტურული ძეგლის  – დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთი მონაკვეთის გამო შეფერხდა: კელიების ნაწილი აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული.

დავით-გარეჯის თემა მორიგი მღელვარების საგნად 26 აპრილს იქცა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ტურისტებსა და მომლოცველებს დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილში 4 დღის განმავლობაში არ უშვებდნენ. გზა 27 აპრილს გაიხსნა. იმავე დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–მდივანმა ლეილა აბდულაევამ განაცხადა, რომ ბაქო აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის მომხრე ყოველთვის იყო და მზადაა, პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდეს.

„აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის გასწვრივ სამონასტრო კომპლექსის უამრავი ისტორიული, არქიტექტურული და რელიგიური ობიექტია განლაგებული. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხი ორმხრივი ფორმატების ფარგლებში, საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული პროცედურების საფუძველზე  წყდება. აზერბაიჯანი ყოველთვის იყო იმის მომხრე, რომ საზღვრის დელიმიტაცია დაჩქარებულად განხორციელებულიყო და მზად არის, უახლოეს დროში დაასრულოს ეს პროცესი“, - განაცხადა აბდულაევამ.

1 მაისს "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის დროულად დადგენის აუცილებლობაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც ისაუბრა.

„[...] ის, რაც მოხდა დავით–გარეჯში, ჯერ ერთი, ეს არ არის უჩვეულო. არა ყოველ აღდგომას, მაგრამ რამდენიმეჯერ უკვე მომხდარა. ეს არ არის სწორი, რომ უცებ რაღაც ახალი მოხდა. [...] მე რომ ვიყავი აზერბაიჯანში და სომხეთში, ორივე ადგილას ვთქვი, რომ შეუძლებელია, გაგრძელდეს ის, რომ ჩვენ, ასეთი მეგობრული ქვეყნები, რომლებსაც მართლაც არა აქვთ არაფერი გასაყოფი, ვერ მივიდეთ იმ საბოლოო დემარკაციამდე, რომელიც არის პირველი ნიშანი სახელმწიფოებრიობის. ჩვენ რა სახელმწიფო ვართ, თუ პრაქტიკულად არც ერთი საზღვარი არ გვაქვს? ჩემთვის და ყველასთვის, ვისაც აქვს ეს მოქალაქეობრივი გაგება, ძალიან მტკივნეული საკითხი არის და უნდა შევუდგეთ ამ საკითხს ძალიან აქტიურად, მაგრამ არა წინასწარი დათმობებით​. არ შევალ დეტალებში, შეიძლება ვერ გაიგონ. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო. არსებობდა საბჭოთა კავშირის ბოლოს საზღვარი, რომელიც იყო ადმინისტრაციული საზღვარი 1938 წლის რუკებით, რომლის მერეც არ ყოფილა ახალი რუკა. სამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი გადაწყვეტა. მერე შეიძლება ამაზე მოლაპარაკება. საბოლოო არასოდეს არ არის ისეთი მკაცრი პოზიცია, მაგრამ ეს არის ჩვენი საწყისი პოზიცია და ეს ცნობილი არის ჩვენი მეგობრებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამას დღეს, 2 მაისს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მორიგი კომენტარი მოჰყვა.  

„ერთ–ერთი დოკუმენტი, რომელზეც აპელირებენ, 1938 წლის სქემატური ხასიათის რუქაა მასშტაბით 1:500 000. ეს რუქა წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც აზერბაიჯანისა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკებმა მიიღეს. 1942 წელს სსრკ–მა მიიღო გადაწყვეტილება უფრო მკაფიო რუქის შესახებ მასშტაბით 1 : 100 000. გარდა ამისა, არსებობს რუქა, რომელიც 1963 წელს საბჭოთა საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა. სამუშაო ჯგუფის დონეზე დელიმიტაციის საკითხის განხილვისას ამ რუქას ეყრდნობიან და დღემდე ამ მხრივ პრობლემები არ შექმნილა“, – განაცხადა დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის უფროსმა ლეილა აბდულაევამ.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „აზერბაიჯანი საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის უსწრაფესი დელიმიტაციის მომხრეა, იმედოვნებს, რომ ეს პროცესი უახლოეს ხანებში დასრულდება და თავისი მხრიდან ამისთვის  მზადაა“. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S