დაპირისპირება დიდ დიღომში, არის მსხვერპლი
04/03/2021 07:46:54 სამართალი
თბილისში, დიდ დიღომში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი მამაკაცი მოკლეს, ხოლო ერთი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1984 წელს დაბადებული ზ.ს. დააკავა.
როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ორი პირი - 2001 წელს დაბადებული შ.ქ. და 1988 წელს დაბადებული თ.გ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა.
უწყების ცნობით, მიყენებული ჭრილობების შედეგად შ.ქ. ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, თ.გ. კი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მკურნალობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


