
მედია: ვატო ყიფიანი საქართველოშია და გამოძიებას ჩვენება მისცა
04/03/2021 13:37:53 სამართალი
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ვატო ყიფიანი, რომელიც კრიმინალურ ავტორიტეტად სახელდება და რომლის სახელმა საქართველოში სხვადასხვა დროს რამდენიმე გახმაურებულ საქმეში გაიჟღერა, საქართველოშია იმყოფება.
გამოცემის ცნობით, მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე ჩვენება მისცა. საუბარია ძმების – დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადებაზე. საქმეზე გასულ წელს საქართველოში 6 და უკრაინაში 1 პირი დააპატიმრეს.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მათი ლიკვიდაციის შეკვეთა უკრაინიდან სწორედ ვატო ყიფიანმა გასცა. თავად ყიფიანი კავშირს უარყოფდა.
დაკავებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ პროკურორმა ჟურნალისტებს საქმესთან კრიმინალურ ავტორიტეტ ვატო ყიფიანის შესაძლო კავშირზე მიანიშნა. კერძოდ, როგორც პროკურორმა გიორგი კავსაძემ განაცხადა, ძმებ ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმეზე ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ვატო ყიფიანის შეკვეთით არის დამზადებული.
მისი თქმით, აღნიშნული გარემოება საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებით და სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, თუმცა არ დაუზუსტებია, მიიღო თუ არა პროკურატურამ ყიფიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის გადაწყვეტილება.
"ერთ-ერთი შემკვეთი – უკრაინის მოქალაქე უკრაინაშია დაკავებული. ვატო ყიფიანს რაც შეეხება, შემიძლია, გითხრათ, რომ საქმის მასალებით, ასაფეთებელი მოწყობილობა, რომელიც ჩვენ მიერ გამოძიების პროცესში იქნა ამოღებული, სწორედ მისი შეკვეთით არის დამზადებული ... თუ რა მოტივი ჰქონდათ ძმებ ფეიქრიშვილიების მკვლელობის მომზადების საქმეში შემკვეთებს, ან შემსრულებლებს, გამოძიება გრძელდება და როცა მტკიცებულებების შესაბამისი სტანდარტი შეიკვრება ყველას მიმართ, როგორც უკრაინაში მყოფების, ასევე საქართველოში მყოფების მიმართაც დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა“, - განაცხადა პროკურორმა.
გამოცემას სუს–ში განუცხადეს, რომ ვატო ყიფიანი საგამოძიებო ორგანოში ფეიქრიშვილების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. ის სუსში 2 მარტს გამოცხადდა და ჩვენება მოწმის სტატუსით მისცა. შსს–ში განაცხადეს, რომ ყიფიანი ძებნილთა სიაში არაა.