„ბაზარს რესტორნების 2% შერჩება! უამრავი რესტორანი იყიდება, მაგრამ მყიდველიც არ ჩანს“

04-03-2021 18:14:14 ეკონომიკა

გახსნის შემდეგ, რესტორნები ერთმანეთის მიყოლებით იხურება. ,,რესტორნების 50% უბრალოდ აღარ არსებობს“ - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

,,სანამ კოვიდ პანდემია დაიწყებოდა, ბაზარზე 10 000-მდე ობიექტი იყო. ამაში შედის - რესტორნები, კაფე-ბარები, საკონდიტროები და ა.შ. ჩვენი პროგნოზი იყო, რომ თუ ხელისუფლების მხრიდან არ იქნებოდა გადადგმული სწორი ნაბიჯები, ბაზარს ობიექტების 50% დატოვებდა. სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზი გამართლდა. პირველი ლოქდაუნის შემდეგ ქვეყანაში რესტორნების 50% უბრალოდ აღარ არსებობს. დარჩენილი ობიექტებიდან, ქსელურ რესტორნებს მოუწიათ ფილიალების შემცირება და მათი მხოლოდ 40% მუშაობს. 10 000-დან 700-მდე შემცირდა დელივერის (მიტანის) სერვისით დასაქმებული რესტორნების რაოდენობა“- განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, თუ ასე გაგრძელდა, ბაზარს მხოლოდ რესტორნების 2% შერჩება.

„დიდი რესტორნები, რეგულაციების ფარგლებში ვერ ახერხებენ ოპერირებას, რადგან ქორწილების და სხვა ღონისძიებების მოწყობით იყვნენ დაკავებული. აკრძალვებიდან გამომდინარე, მათ გახსნას აზრი არ აქვს. ბაზარზე დაბრუნდნენ საშუალოზე პატარა ობიექტები. მეორე ლოქდაუნის დაწყებიდან ვამბობ, რომ თუ ეს ვითარება გაგრძელდა, ბაზარს მხოლოდ რესტორნების 2% შერჩება და ეს ვარაუდი, სამწუხაროდ, მართლდება. პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამკლავება, განსაკუთრებით რთული იმიტომ არის, რომ ობიექტების 95% იჯარით აქვთ აღებული მეპატრონეებს და ვერანაირად ვერ ახერხებენ ქირის გადახდას.

ასევე სრულად დახურულია რესტორნები თბილისში და სხვა ქალაქებში – ტურისტულ ზონებში. სანამ ტურისტებისათვის ქვეყანა ბოლომდე არ გაიხსნება, ბაზარზე დაბრუნების არანაირი შანსი არ აქვთ. რთული წარმოსადგენია, რომ მერე იგივე მფლობელები დაუბრუნდნენ ფართებს. სავარაუდოდ, ბაზარს სხვა ოპერატორები აითვისებენ.

დღეს, დახურულია ის რესტორნებიც კი, რომლებიც იჯარას არ იხდიან, ,,ქართული სახლი“, ,,თავადური“ და ა.შ. დახურულია ,,მაჭახელაც“. სანაპიროზე უამრავი რესტორანი იყიდება, მაგრამ ბაზარზე მყიდველიც არ ჩანს“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, 15 თებერვლიდან რესტორნების გარე სივრცეები გაიხსნა, 8 მარტიდან კი, რეგულაციების დაცვით რესტორნების შიდა სივრცეებიც გაიხსნება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები