ლიეტუვაში „პუტინის მზარეულის“ ორეული იმყოფებოდა: "ეს იყო რუსეთის სპეცოპერაცია"

04-03-2021 20:57:10 მსოფლიო ,ეს საინტერესოა

ლიეტუვის უშიშროების დეპარტამენტის ცნობით, გაწულ წელს ვილნიუსში ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში შეყვანილი რუსი ბიზნესმენის – ევგენი პრიგოჟინის ორეული იმყოფებოდა.

ლიეტუვის უშიშროების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დარიუს იანუშკევიჩი ამბობს, რომ ეს იყო რუსეთის მხარის სპეცოპერაცია, რომლითაც უნდოდათ შეემოწმებინათ, როგორ მუშაობს ლიეტუვის კონტრდაზვერვა და, იმავდროულად, მოემზადებინათ საინფორმაციო თავდასხმა.

The Insider-ის ცნობით, „პუტინის მზარეულის“ სახელით ცნობილი რუსი ბიზნესმენის ორეულის ამბავი ლიეტუვის სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა. ოფიციალური ანგარიშის თანახმად, ევგენი პრიგოჟინის სახელზე გამოწერილი პასპორტის მქონე მოქალაქე ლიეტუვაში ჩასულა 2020 წლის დასაწყისში. მოქალაქის ოფიციალურ დოკუმენტში დაბადების თარიღი ემთხვეოდა „პუტინის მზარეულის“ დაბადების მონაცემებს და ასევე იდენტური იყო ფოტოსურათიც. მაგრამ სახელმწიფო საზღვარზე დაადგინეს, რომ ლიეტუვაში ჩავიდა არა თავად პრიგოჟინი, რის გამოც რუსეთის მოქალაქე ქვეყანაში შეუშვეს. პრიგოჟინის ორეული ლიეტუვის აეროპორტიდან გაემგზავრა ქვეყნის ტრანსპორტისა და კომუნიკაციის სამინისტროსკენ, რომლის წინაც სამსახოვრო ფოტო გადაიღო. ამის შემდეგ აეროპორტში გაბრუნდა და რუსეთში გაემგზავრა.

პრიგოჟინის ორეული შემდგომშიც იმყოფებოდა ლიეტუვაში. მოგვიანებით რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოჩნდა მასალები, რომ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი ლიეტუვაში იმყოფებოდა, რათა ტრანსპორტის სამინისტროს მავან მაღალჩინოსანთან გაემართა მოლაპარაკება და რომ იმყოფებოდა პარლამენტშიც. „სინამდვილეში პრიგოჟინის ორეული ვილნიუსში არც ხელისუფლების და არც ბიზნესის არც ერთ წარმომადგენელს არ შეხვედრია“, - ნათქვამია კონტრდაზვერვის ანგარიშში. ლიეტუვის სპეცსამსახურში მიიჩნევენ, რომ ამ პროვოკაციის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სურვილი, რომ ლიეტუვა გამოეყვანათ ევროკავშირისა და ნატოს არასაიმედო პარტნიორად, რომელიც ორმაგ თამაშს ეწევა.

ცნობისთვის: ევგენი პრიგოჟინი სახელდება კრემლის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედი „ტროლების ფაბრიკის“ და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ორგანიზატორად. "ვაგნერის" შეიარაღებული პირები საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ უკრაინის აღმოსავლეთში, სირიასა და აფრიკაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები