მეარაყიშვილი: „ვისაც უნდა, აქ ცოცხალი დარჩეს ადამიანი, დაგვეხმარეთ!“

04-03-2021 21:18:50 კონფლიქტები

ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი საქართველოს ცენტრალურ ხელისულებას მოუწოდებს, თუ სურს, რომ ოკუპირებულ ახალგორში ადამიანები შეინარჩუნოს, განკარგოს ახალგორისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები, რომელიც არამიზნობრივად იხარჯება.

„მივმართავ ყველას, ვისაც უნდა, აქ დარჩეს ცოცხალი ადამიანი, დაგვეხმარეთ! საქართველოს ხელისუფლებამ გააკონტროლოს თანხები, რომელსაც საავადმყოფოს დირექტორს და სკოლის დირექტორებს ანდობენ, რამდენად მიზნობრივად იხარჯება. საავადმყოფოს თანხები წლებია, თბილისში რჩება, აქამდე არ აღწევს. ცხინვალის დაფინანსებით შეძენილს აფორმებენ, როგორც ქართულს. სკოლებში კი გაფორმება ჩაწყობით ხდება: შეიძლება, ცხოვრობდე თბილისში და იღებდე ხელფასს, თითქოს აქ ასწავლი, ან ცხოვრობდე აქ და სკოლასთან შეხება არ გქონდეს, ისე დაგინიშნონ... მოხერხებაზე და "ჩაწყობაზეა" დამოკიდებული.

თუ ამის გამოსწორება არ გინდათ, მაშინ ბიბილოვს ნუღარ დასცინებთ საჯაროდ კორუფციის გამო! რასაც საქართველოს ხელისუფლება უშვებს "ტერიტორიას ვერ ვაკონტროლებთ, თანხა როგორ გავაკონტროლოთ?"- მოტივით, ესაა ზუსტად კორუფცია! თუ გინდათ გაკონტროლება, მარტივია“,– აცხადებს ახალგორელი აქტივისტი და შ.პ.ს. "ახალგორის რაიონული საავადმყოფოს" დირექტორს მაკა გათენაშვილს მიმართავს:

„რა სამედიცინო სერვისით შემიძლია, ვისარგებლო ქართული დაფინანსების ფარგლებში, რომელსაც განკარგავ?“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები