"ე.წ. კარტოგრაფების საქმეს აშკარად აქვს პოლიტიკური ან სხვა მოტივი"

05-03-2021 11:13:34 სამართალი

"ე.წ. კარტოგრაფების საქმეს აშკარად აქვს პოლიტიკური ან სხვა მოტივი" , – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ “სასამართლოს მეგობრის” მოსაზრებაში აღნიშნა, რომლითაც მან თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

"ჩვენი შეფასებით, წინამდებარე საქმეს აშკარად გააჩნია პოლიტიკური, ან სხვა მოტივი, რომელიც საქმეში არსებული ხარვეზების ფონზე, კანონიერ მოტივს გადაწონის. აღნიშნული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევად ფასდება", –აცხადებს სახალხო დამცველი.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მან ორ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება:

  • შესაბამისობაშია თუ არა წარდგენილი ბრალდება კანონიერების კონსტიტუციურ პრინციპთან (სახეზე გვაქვს თუ არა დანაშაულის ობიექტური მხარე და ბოროტი განზრახვის ელემენტები);
  • სახეზე გვაქვს თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა (პოლიტიკური ან სხვა ქვენა მოტივის არსებობა) სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას. ომბუდსმენის შეფასებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ ბრალდებულებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემის სურვილი ჰქონდათ, ან ამ განზრახვით მოქმედებდნენ.

ამასთან, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამ საქმის გამოძიების დაწყება საპარლამენტო არჩევნებს დაემთხვა, მთავარ განსახილველ წინასაარჩევნო პოლიტიკურ საკითხად იქცა და აგიტაციის მიზნებისთვისაც გამოიყენებოდა:

"როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, ამ საქმეზე გამოძიების დაწყება განაპირობა პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირმა, რაც შეთანხმებული იყო შესაბამისი პარტიის ხელმძღვანელთან. დაწყებული გამოძიების ფარგლებში უმნიშვნელოვანესი ექსპერტიზა ჩატარდა 4 დღეში და მასში მონაწილეობდა ბრალდების მთავარ მოწმეზე სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირი. ასევე ერთ-ერთი პრობლემური გარემოებაა ის, რომ პირებს ბრალდება ისე წარედგინათ, რომ 1936-38 წლების 1:200 000 მასშტაბის რუკის ვარგისიანობა არ იყო დადგენილი და შესაბამისი ექსპერტიზა თვეების განმავლობაში არ დანიშნულა".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები