დეპუტატი – შს მინიტრს: "ჩემი ინფორმაციით, ესებუა საქართველოშია, რა ეტაპზეა გამოძიება?"
05/03/2021 10:58:19 პოლიტიკა, სამართალი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნოდარ ტურძელაძის განცხადებით, მისი ინფორმაციით, ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება და ქვეყნის ტერიტორია არ დაუტოვებია.
ტურძელაძემ "მინისტრის საათის" ფარგლებში ვახტანგ გომელაურის მოსმენისას, შს მინისტრს ჰკითხა თუ რა ეტაპზეა ესებუას საქმის გამოძიება:
"რამდენიმე თვის წინ სამეგრელოში ვიხილეთ მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარი, როდესაც ბადრი ესებუა შეიჭრა ერთ-ერთ ბანკში და საფრთხის ქვეშ იყო ათეულობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. მადლობას გიხდით, რომ ზუგდიდის ოპერაციის, ეს ნაწილი დასრულდა მშვიდობიანად. თუმცა, საზოგადოებას და მათ შორის მეც კითხვა, რა ეტაპზეა გამოძიება. ჩემი ინფორმაციით, ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება, არ დაუტოვებია ფარგლები. შეიძლება ვცდები, ესეც მაინტერესებს. რა ეტაპზე ვართ ამ კუთხით, იმიტომ, რომ ძალიან რეზონანსული საქმეა ჩვენი ქვეყნის მოსახლებისთვის".
შეგახსენებთ, რომ თავდასხმა ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე 21 ოქტმობერს მოხდა. შეიარაღებული ბადრის ესებუა ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა, წამოაყენა საკუთარი მოთხოვნები და რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა.


