სუბარი - გომელაურს მელიას დაკავებაზე: "ეს იყო უმაღლეს პროფესიონალურ დონზე შესრულებული ოპერაცია"

05-03-2021 15:09:21 პოლიტიკა ,სამართალი

"ეს იყო უმაღლეს პროფესიონალურ დონზე შესრულებული ოპერაცია", - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავება.

"მე ეჭვი მაქვს, რომ კიდევ დიდხანს მოჰყვება ხმაური ნიკა მელიას დაკავებას. მთელი საქართველო და არამხოლოდ საქართველო პირდაპირ ეთერში უყურებდა და მე შემიძლია პირდაპირ ვთქვა, ყოველგვარი თამაშის გარეშე, რომ ეს იყო უმაღლეს პროფესიონალურ დონზე შესრულებული ოპერაცია. ეს იყო ოპერაცია, რომლის დროსაც არც ერთ ადამიანს არ მიუღია არანაირი დაზიანება, ყოველ შემთხვევაში სერიოზული დაზიანება მაინც", – განაცხადა სუბარმა.

სუბარმა პოლიტიკურ მიზანშეწინილებაზეც ისაუბრა და გომელაურს ჰკითხა, სხვა რა შანსი ჰქონდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სხვა ფორმით შეესრულებინა:

"რა შანსი ჰქონდა სამინისტროს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღესრულებინა რაიმე სხვა ფორმით. ის რომ არ უნდა აღსრულებულიყო ამ კითხვას არ ვსვამ, შეუძლებელია ეს".

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სამართალდამცველები 23 თებერვლის დილას შევიდნენ და ნიკა მელია ძალის გამოყენებით დააკავეს. მომხდარის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, 17 ადამიანი დაშავდა.

ცნობისთვის: დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს უსმენენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები