შს მინისტრი – ესებუაზე: "მესმის, რომ დასაკავებელია. გავუშვით და წადი ახლა, მშვიდობაში მოიხმარე, მასე ხომ არ გავუშვებდით"
05/03/2021 12:13:29 სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უწყება მაქსიმალურად მუშოაბს, რომ ბადრი ესებუა დააკავონ.
"მესმის, რომ დასაკავებელია. იყო ორი მიმართულება: ან უნდა შევსულიყავით და დაგვეწყო ოპერაცია და შეიძლება, დაღუპულიყო ადამიანები, ან უნდა გაგვეკეთებინა ის, რაც გავაკეთეთ. მე ავუხსენი პრემიერს და მან მითხრა:"არანაირი სისხლისღვრა". რომ გამოვიდა ადამიანი [ბანკიდან], ვეცადეთ დაკავებას, როგორ არ ვეცადეთ, გავუშვით და წადი ახლა, მშვიდობაში მოიხმარე, მასე ხომ არ გავუშვებდით. მისი დაკავება დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად მოხდება. მაგალითად სამი კვირის წინ დავაკავეთ 12 წლის წინ ჩადენილ მძიმე მკვლელობაში ძებნილი პირი. არ ვიცი როდის დავაკავებთ, ვმუშაობთ მაქსიმალურად", – განაცხადა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ თავდასხმა ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე 21 ოქტმობერს მოხდა. შეიარაღებული ბადრის ესებუა ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა, წამოაყენა საკუთარი მოთხოვნები და რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა.


