საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

05-03-2021 18:41:18 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობის საკითხზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიების სერვისებით ისარგებლონ.

„საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობაა. აღნიშნულის ფარგლებში, ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ფინანსური სექტორის გამჭვირვალობას და ინვესტორთა და ფიზიკური პირების უფლებების დაცვას. ამ ამოცანის უზრუნველსაყოფად, იგი ახორციელებს საფინანსო სექტორის მონაწილეთა ზედამხედველობას, მათი საქმიანობის შეფასებასა და შემოწმებას.

რიგ შემთხვევებში, საქმიანობის შეფასების პროცესში ვლინდება კანონმდებლობის დარღვევები და ხარვეზები, რომელთა სერიოზულობიდან გამომდინარეც, ეროვნული ბანკი იყენებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ზომებს – დაწყებული წერილობითი ინსტრუქციებიდან, გაფრთხილებებიდან და შეზღუდვებიდან, დასრულებული კომპანიის ლიცენზიის გაუქმებით. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს „საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსის“ (ს/ნ: 406239565) საქმიანობის შესწავლის შედეგად ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებების არაერთი დარღვევა გამოავლინა, რის საფუძველზეც, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 18 თებერვლის N 12 განკარგულებით, კომპანიას გაუუქმდა საბროკერო საქმიანობის ლიცენზია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 18 თებერვლის N12 განკარგულება და ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები საჯაროა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ შემდეგ მისამართზე: https://matsne.gov.ge/document/view/5105766?publication=0. საბროკერო კომპანიის ლიცენზიის გაუქმება გულისხმობს, რომ ზემოაღნიშნულ კომპანიას აღარ აქვს უფლება განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საბროკერო საქმიანობა; საბროკერო მომსახურებების ჩამონათვალი განსაზღვრულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით. აღსანიშნავია, რომ საბროკერო მომსახურებები, სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს კლიენტებისათვის ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით საინვესტიციო კონსულტაციის, რჩევებისა და რეკომენდაციის გაწევას, კლიენტების სახსრების მართვას; უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმის ორგანიზებას და ა.შ. ნებისმიერი ამ მომსახურების განხორციელება (რა სახელწოდებასაც არ უნდა ატარებდეს იგი), შესაბამისი ლიცენზიის გარეშე და კანონმდებლობის გვერდის ავლით, წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას და განსაკუთრებით მაღალი რისკის მატარებელია როგორც კლიენტებისათვის, ისე ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და საფინანსო სექტორის სიჯანსაღისა და მთლიანად საზოგადოებისათვის.

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ მსგავს კომპანიებთან მიმართებით და ისარგებლონ მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიების სერვისებით“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.