„არასრულწლოვანების მიმართ ჩადენილი დანაშაული მთელი საზოგადოების პრობლემაა და ყველა უნდა ჩავერთოთ მის გადაჭრაში“

05-03-2021 18:55:45 სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში მოხსენებით წარდგენის შემდეგ, დეპუტატების დასმულ კითხვებს უპასუხა. ვახტანგ გომელაური 13 წლის გოგონას შესახებ დასმულ კითხვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არა საავადმყოფოდან შემოსული ინფორმაცია, ვერც გავიგებდით საერთოს რაც მოხდა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი დანაშაულები მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობაა და პრობლემაა, მის გადაჭრაში ყველას ჩართულობაა საჭირო.

„რაც შეეხება 13 წლის ბავშვის თემას, ეს უმძიმესი თემაა როგორც 14 წლის ბავშვი, ქობულეთის თემა. მე, ქალბატონმა თეამაც ბრძანა და მეც შევუერთდები, ეს არ არის მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს თემა. რატომღაც ყველა იძახის რომ სად იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო, სად იყო პოლიცია, რა მოხდა? ჩვენ რა თქმა უნდა, არ ვირიდებთ პასუხისმგებლობას. ყველა, არა მარტო განათლება იქნება თუ სხვა სამინისტრო, ყველას - ჩვენი, თქვენი ბრალიც არის, ყველას ბრალი არის. 13 წლის ბავშვის შემთხვევაში, რომ არა საავადმყოფოდან შემოსული ინფორმაცია, ვერც გავიგებდით საერთოს რაც მოხდა. ისე გავიდა ეს თვეები საერთოდ არავის არაფერი უთქვამს. ან მეზობელი არ ხედავს?- ეს საზოგადოების პრობლემაა და ეს არ არის მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრობლემა. იგივე იყო 14 წლის ბავშვის ამბავი ქობულეთში. მოიყვანეს ბიძებმა, დაიკითხა, არანაირი ძალადობა არ დაუფიქსირებია. სოციალურ მუშაკთან ერთად დაიკითხა როგორც წესია. არანაირი პრობლემა არ ყოფილა. გავიდა და მოხდა ეს. დავაკავეთ ბაბუა, გამოძიება მიდის. კიდევ თუ ვინმე გამოიკვეთება დავაკავებთ. კიდევ ერთხელ ვამბობ - ეს სერიოზული პრობლემაა. ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ცოტა შეფერხება გვქონდა ამ პანდემიიდან გამომდინარე. ჩვენ დავდიოდით როგორც ქვემო ქართლში, ასევე, სხვადასხვა რაიონებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დადიოდნენ აცნობდნენ უფლებებს სკოლებში მოზარდებს, რომლებიც უკვე მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში არიან, რა უფლებები აქვთ. ასევე ხვდებოდნენ ზრდასრულ ადამიანებს, მშობლებს, უკითხავდნენ ლექციებს - მათ შორის ოჯახში ძალადობაზე. ყველა უნდა ჩაერთოს ამ პრობლებების გადაჭრაში და არ უნდა იყოს სირცხვილი პოლიციისთვის ამ სახის დანაშაულის შესახებ შეტყობინება. დამნაშავე უნდა დაისაჯოს ყველა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება მოძალადე მამა, შვილი, თუ ნათესავი ", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები