პოლიციამ დააკავა 27 წლის მამაკაცი, რომელმაც მშობლები და ბებია ჩაცხრილა და შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
07/03/2021 15:41:26 სამართალი
თელავში მშობლებისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და თელავის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თელავში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ა.ა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1960 წელს დაბადებულ მამას, 1963 წელს დაბადებულ დედას და 1935 წელს დაბადებულ ბებიას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ა.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თელავში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“, - ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


