საია – 2020 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში 19 ქალი მოკლეს
08/03/2021 08:06:56 სამართალი, საზოგადოება
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ შეფასება გამოაქვეყნა და იმ სისტემურ ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც ქალები საქართველოში დღემდე აწყდებიან.
ფემიციდი
2020 წელის 9 თვის მონაცემებით საქართველოში 19 ქალია მოკლული, ხოლო 20 ქალის მკვლელობის მცდელობაა ჩადენილი, ოჯახის წევრის, ყოფილი მეუღლისა თუ პარტნიორის მიერ.
"ასეთი ტრაგედიები, მწვავედ წარმოაჩენს სახელმწიფოს მხრიდან ძლიერი, ეფექტიანი დაკოორდინირებული, პრევენციულ მექანიზმებზე დაფუძნებული პოლიტიკის არ არსებობას. ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც სახელმწიფო უწყება ახორციელებს და რომელიც ემსახურებაპრევენციას, მეტწილად არის ქაოტური და არასისტემური, რაც ამცირებს პრევენციული სამუშაოებისეფექტიანობის კოეფიციენტს", - წერს საია.
მისივე ცნობით, , განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გენდერის ნიშნით ჩადენილ დანაშაულთა ბუნებისგამოკვლევა, მსხვერპლთა დაცვის ქმედითი მექანიზმების შექმნა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა ქალებისა და გოგონებისთვის.
სქესობრივი დანაშაული
საია წერს, რომ სექსუალური ძალადობა კვლავ რჩება გენდერული ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე, ყველაზე დაფარულ და დაუსჯელ ფორმად. მათივე განცხადებით, სექსუალური ძალადობის შემთხვევები 2021 წლის იანვრის მონაცემებით წინა წელთან შედარებით 5%-ითაა გაზრდილი.
"არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს სექსუალური ძალადობისთვის ეფექტიან, დაზარალებულზე ორიენტირებულ, გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივ მექანიზმებს. ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის მართლმსაჯულება ხელმიუწვდომელი ან/და რთულად ხელმისაწვდომია", - წერს ორგანიზაცია.
მისივე ცნობით, მიმდინარე წელს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სექსუალური დანაშაულის არაერთი მძიმე შემთხვევა, რომელთა მსხვერპლებიც არასრულწლოვნები არიან. არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ფაქტები და მძიმე თანმდევი შედეგები ცხადყოფს, რომ პრობლემურია 16 წლამდე გოგონების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის გამოძიება და დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია.
იძულებითი აბორტი/აბორტის იძულება
საია წერს, რომ იძულებითი აბორტი, ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის ერთ-ერთ რთულ ფორმადაა მიჩნეული ე.წ. სტამბოლის კონვენციის 39-ე მუხლით, რომლის რატიფიცირებაც საქართველოშიც მოხდა.
"კონვენციის რატიფიცირებით აღებული ვალდებულების მიუხედავად, იძულებითი აბორტის საკითხი დღემდე არ არის კანონმდებლობით რეგულირებული და სისხლის სამართლით დასჯადი ქმედება", წერს საია.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, ეროვნულ კანონმდებლობაში რაც შეიძლება სწრაფადაისახოს სტამბოლის კონვენციის მოთხოვნები, ცვლილებები შევიდეს სისხლის სამართლისკოდექსში და მოხდეს იძულებითი აბორტისა და აბორტის იძულების შემთხვევებისკრიმინალიზება.
იძულებითი ქორწინება და ადრეული ქორწინება
საია-ს მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით ქვემო ქართლში 2016-2019 წლებში იძულებითი ქორწინების ფაქტებზე გამოძიების დაწყების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით, ასევე უფრო ხშირად ვაწყდებით ნიშნობის იძულების პრაქტიკასაც.
"მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გააძლიეროს მუშაობა ნაადრევი ქორწინებისა და იძულებითი ქორწინების პრევენციის მიმართულებით, ვინაიდან საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით სწორედ პრევენციაა მსგავსი ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი გზა", - წერს საია.
ოჯახში ძალადობა
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში, პანდემიის დროს იმატა ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების რისკმა. მათივე განცხადებით, საქართველოში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის ოფიციალური მაჩვენებელი პანდემიის დროს საგრძნობლად არ გაზრდილა რაც კითხვებს აჩენს.
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობას მსხვერპლთა დახმარებისა და მხარდაჭერის პროგრამების კუთხით, სამწუხაროდ, პანდემიის პირობებში, დახმარების რაიმე სახის ღონისძიებები არ განხორციელებულა", - წერს საია.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობისთვის პრევენციისა და ძალადობის ფაქტებზე შესაბამისი პასუხისმგებლობის შესაფარდებლად მნიშვნელოვანია:
- შეიქმნას პრევენციის სისტემური მექანიზმი, რომელიც დაგეგმავს პრევენციული ღონისძიებებისგატარებას - ქალთა თანასწორუფლებიანობის მიმართულებით, მათ შორის შემდეგ საკითხებზე: ოჯახში ძალადობა, სექსუალური შევიწროება, ადრეული და იძულებითი ქორწინება;
- ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, დაინერგოს და განხორციელდეს შესაბამისიპროფესიული გადამზადების პროგრამები;
- შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ უზრუნველყონ სექსუალური ძალადობის ყველა შემთხვევის სათანადო აღრიცხვა, წარმართონ გამოძიება გენდერულად მგრძნობიარე მეთოდოლოგიით და ყველა შემთხვევაში გამოიყენონ დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი კვალიფიკაცია;
- საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები შეიტანოს სქესობრივი დანაშულების დეფინიციაში, რითაც ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაში მოვა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან. ასევე, მოახდინოს იძულებითიაბორტის და აბორტის იძულების კრიმინალიზაცია.


