Accentnews.ge
„იკვეთება, რომ საქართველო–თურქეთ–აზერბაიჯანის, მათ შორის, სამხედრო ალიანსი ამჯერად ბრიტანეთის ინტერესებშიც შედის“

„იკვეთება, რომ საქართველო–თურქეთ–აზერბაიჯანის, მათ შორის, სამხედრო ალიანსი ამჯერად ბრიტანეთის ინტერესებშიც შედის“

08/03/2021 12:19:38 ანალიზი

ყარაბაღის მეორე კონფლიქტის შემდეგ რეგიონში დამდგარი ახალი სტატუს–კვოს კვალდაკვალ, თურქეთში საქართველოსა და აზერბაიჯანთან სამმხრივი სამხედრო ალიანსის შესაძლებლობა განიხილება. შესაძლოა, მათ შორის ამ საკითხსაც შეეხო მსჯელობა საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის თურქეთში 2 მარტის ვიზიტისას, თუმცა ოფიციალური წყაროებით ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი.

როგორც „აქცენტთან“„ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ლელა ჯეჯელავა ამბობს, სამმხრივი ურთიერთობების ფორმატში ეს ახალი დღის წესრიგი არ არის: 2012 წელს „ტრაპზონის“ დეკლარაციაში ჩაიდო თანამშრომლობის ის ფორმები, რომელის სცდებოდა ეკონომიკური თანაშრომლობის ფორმატს. ასევე მნიშვნელოვანი იყო შემდეგი გადაწყვეტილება, რომ ბაქო–ახალქალაქი–ყარსის მშენებლობის კვალდაკვალ მომხდარიყო ობიექტების საერთო კონტროლი; იყო საუბარი სამხედრო სფეროში ურთიერთდახმარებაზე.

შესაძლო სამმხრივი სამხედრო ალიანსი

„რაც შეეხება არსებულ ვითარებას და წინმსწრებ ინფორმაციას სამხედრო ალიანსის შესახებ, საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ყარაბაღის მეორე კონფლიქტის შემდეგომ მიღებული სტატუს–კვოს შედეგად გახდა: თურქეთში პოლიტიკური ოპოზიცია და ხელისუფლების წარმომადგენლები არ არიან ბოლომდე კმაყოფილები თურქეთისთვის დამდგარი შედეგით – თურქეთის მონიტორინგის ფუნქციით წარმოდგენილობა აბსოლუტურად არ არის რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნის საპირწონე. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ რუსები არასამშვიდობოების მანდატით დგანან სომხეთის და საქართველოს ტერიტორიებზე. ბუნებრივია, ეს სამხედრო–პოლიტიკური თვალსაზრისით არ არის მდგომარეობა, რომელიც რეგიონში რუსეთისა და თურქეთის ინტერესებს შორის ბალანს წარმოქმნის და ისიც ბუნებრივია, რომ თურქეთისთვის მნიშვნელოვანია, შეცვალოს მოცემულობა. ამ მიზნისთვის კი მხოლოდ აზერბაიჯანთან მჭიდრო პოლიტიკურ–ეკონომიკურ– სამხედრო და საქართველოსთან ეკონომიკურ–პოლიტიკური ურთიერობები საკმარის საფუძველს ვერ ქმნის. ამიტომ, მეტი სჭირდება. ეს არის ანალიზი შესაძლო სცენარისა, რომელიც თურქეთში განიხილება და რომელიც თურქეთის სახელმწიფოს ინტერესებში ნამდვილად შედის“.

ამავე კონტექსტში ჯეჯელავა თურქეთის დასავლეთის ქვეყნებთან დაძაბულ ურთიერთობაზეც ამახვილებს ყურადღებას, რაც ერთგვარად აფერხებს თურქეთის თავისუფალ ქმედებებს, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ ისევე როგორც 100 წლის წინ, კავკასიის რეგიონში დამოუკიდებელ მოთამაშედ ბრიტანეთი შემოდის.

ახალი ძველი მოთამაშე რეგიონში

„ცნობილია, რომ ბრიტანეთი ხელს უწყობდა თურქეთის სტრატეგიული ინტერესების გაძლიერებას როგორც კავკასიაში, ისე ახლო აღმოსავლეთში. შემდგომ ეს ვითარება გარკვეული დროით შეიცვალა, როდესაც ბრიტანეთი განსხვავებული გეოპოლიტიკური ინტერესების ფორმატში მოექცა და „ბრექსიტის“ შემდგომ ბრიტანეთს აქვს ახალი მკაფიო პოლიტიკა, რომელიც კვლავ გულისხმობს მის გააქტიურებას როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე სამხრეთ კავკასიაში და ამ თვალსაზრისი მას თურქეთი საიმედო პარტნიორად ეგულება“, ამბობს ჯეჯელავა და იქვე დასძენს, რომ „როგორც იკვეთება, საქართველო–თურქეთ–აზერბაიჯანის სამმხრივი ურთიერთობების განვითარება როგორც პოლიტიკურ– ეკონომიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით, ამჯერად ბრიტანეთის ინტერესებშიც შედის“.

ჯეჯელავას ანალიზით, რეგიონში ახალი მოთამაშე სრულიად ახალ მოცემულობას ქმნის, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას მხედველობაში მიღებული სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის მხრიდან:

„მაგრამ ჩვენთან საერთოდ არ ჩანს ხედვა, ახალ მოცემულობაში როგორ ვაპირებთ შემდგომი ურთიერთობების გაგრძელებას სამეზობლო პოლიტიკაში, ან გვაქვს თუ არა წარმოდგენა ჩვენი და ბრიტანეთის ურთიერთობა როგორ შეიძლება იქნას გააზრებული ახალ რეალობაში. მე არ ვფლობ მსგავს ინფორმაციას, რადგან საქართველოსი ამ თემებით არც მედია ინტერესდება, პოლიტიკოსები კი სხვა თემებზე არიან გადართულები.

დროს კარგავს სახელმწიფო თავისი შესაძლებლობების ფანჯარა მოძებნოს ახალ რეალობაში. ჩართულები ვართ ბინძური, შიდაპოლიტიკური თემების გარკვევაში. ეს ძალიან დიდი დაბრკოლებაა, სწორად შევაფასოთ რეალობა და ამის შემდეგ ვიპოვოთ გზები შემდგომი განვითარების“.

რისკების დამზღვევი

ჯეჯელავას აზრით, რისკებს, რომელიც რეგიონში მოთამაშე სამი დიდი გეოპოლიტიკური სუბიექტის – თურქეთის, რუსეთის და ირანი მიერ შემოთავაზებული 6–წევროვანი პლატფორმა ქმნის, სამმხრივი ალიანსი შესაძლოა, იყოს გარკვეული გამაწონასწორებელი მექანიზმი ვითარებისა, მაგრამ რისკებს საქართველოსთვის ბოლომდე ვერ დააზღვევს, თურქეთისთვის კი იქნება შედეგიანი.

ამ კონტექსტში მას კითხვები საქართველოს ხელისუფლებასთან აქვს:

  • რამდენად გვაქვს გეოპოლიტიკური რისკები გათვლილი?
  • რამდენად გვაქვს ჩვენი ინტერესები მკაფიოდ გამოკვეთილი?
  • რამდენად გვაქვს რესურსი ამ ინტერესების რეალიზების?

ჯეჯელავა საქართველოს განვითარებას შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში ხედავს – „შავი ზღვის დემოკრატიული სარტყელი“:

„აქ შედიან ევროპის ქვეყნები, რომლებსაც შავ ზღვაზე გასასვლელი აქვთ, მათ შორის უკრაინა, რომელსაც მკაფიოდ გამოკვეთილი გეოპოლიტიკური ვექტორი აქვს. ეს ფორმატი მოგვცემს შესაძლებლობას, ყველა რისკი, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს 6 ერის პლატფორმაში ჩვენს მონაწილეობას, გადავაზღვიოთ. ის ძალიან მკაფიოდ დაგვიმკვიდრებს ჩვენ ადგილს ცივილიზებული სამყაროში, რომლისკენაც სწრაფვა იყო ჩვენი 30–წლიანი ბრძოლის ამოცანა. ამ ქვეყნებთან [მეზობელი სახელმწიფოები – რედ.] კი ჩვენ უნდა გვქონდეს ურთიერთობის დამოუკიდებელი პლატფორმები, რომელიც სრულიად ასახავს ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S