"მინდა, კიდევ ერთხელ დავუდასტურო პოლიტიკური მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს"
09/03/2021 12:19:15 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერას უცხადებს.
"ამ მნიშვნელოვან პერიოდში, როდესაც ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიც არის ვაქცინაციის დაწყება, პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკის აღდგენა -ჩემი მხრიდან, მინდა, პოლიტიკური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავუდასტურო პრემიერ - მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს“, - განაცხადა თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.
ცნობისთვის: “ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.
მასალები გავიდა გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი”. მელაძე ამბობს, რომ გადაცემის გუნდმა არ იცის ჩანაწერების შექმნის თარიღი და არც ის, თუ რა ვითარებაში ჩაწერეს ისინი, ვინაიდან წყაროს, რომელმაც მასალები ტელეარხს მიაწოდა, ეს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტელეარხის ჟურნალისტების თქმით, ჯამში, მათ ხელში აღმოჩნდა 4 აუდიოფაილი, რომლებითაც, მათი განცხადებით, “სსკ-ის რამდენიმე მუხლის დარღვევა დგინდება”. თავად აუდიოფაილების შინაარსიდან გამომდინარე, “ტვ პირველი” ვრაუდობს, რომ ჩანაწერები 2016 წლის მოვლენებს ასახავს.
აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის და ეთერში გასვლის შემდეგ მის შესახებ არ უსაუბრიათ ბერა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს, რომლებიც, სავარაუდოდ, საუბრის უშუალო მონაწილეები არიან.
რაც შეეხება ანზორ ჩუბინიძეს, მისი თქმით, 2010 წლის ბოლოსა და 2011 წლის დასაწყისში იგი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი იყო და მისი პირდაპირი მოვალეობა იყო ბერას მიმართ გავრცელებული მუქარის შემცველი განცხადებების შესწავლა. ჩუბინიძე აცხადებს, რომ სახლში მიაკითხა მათ, ვინც ბერას მისამართით "მუქარის შემცველ "პოსტებს" აქვეყნებდა.
იხილეთ ასევე: სკანდალური ჩანაწერის გავრცელებიდან სამი დღის თავზე პროკურატურა მხოლოდ მისი მოპოვების ფაქტით დაინტერესდა


