სკანდალური ჩანაწერის გავრცელებიდან სამი დღის თავზე პროკურატურა მხოლოდ მისი მოპოვების ფაქტით დაინტერესდა
09/03/2021 08:23:53 სამართალი
"ტვ პირველის" მიერ ფარული ჩანაწერის მიპოვებისა და განსაჯაროებისდან სამი დღის თავზე პროკურატურა მხოლოდ ჩანაწერის მოპოვების ფაქტით დაინტერესდა და არა შინაარსით.
"საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად. გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები.გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას",- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ცნობისთვის: პროკურატურის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ პროკურატურამ საქმე უნდა აღძრას უკანონო მოსმენებზე, უკანონო გავრცელებაზე, შანტაჟსა და მონტაჟზე და არა შინაარსზე.
„შინაარსს ახლა თქვენ რომ მელაპარაკებით ისეთ შინაარსს დაგიმონტაჟებთ, შეიძლება ვერ გაასწროთ აქედან“, - უთხრა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ჩანაწერები ფაბრიკაციაა და პროკურატურა სწორედ ამ ფაბრიკაციის ფაქტით უნდა დაინტერესდეს.
„ის, რაც ხდება, ეს ფაბრიკაცია, დაჭრა, უკანონო მოსმენები, თან 2010-2011 წლებია როგორც ირკვევა, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რა რეჟიმთან ჰქონდა სახელმწიფოს საქმე და საქართველოს მოსახლეობას. ამ ფორმით , ამ შანტაჟით ამ ჩაშვებით, ამ უკანონო მოსმენებით ამ ფაბრიკაციით, დაჭრით, არ გამორიცხოთ ხვალ- ზეგ ვიღაცას თქვენ რომ არ მოეწონებით მაგალითად იმ წინა რეჟიმის წარმომადგენლებს, თქვენც იგივე ჩანაწერს გაგიკეთებთ, დაგიმონტაჟებთ და შემდეგ მოგიწევთ თავის მართლება“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ. მედიასთან ერთ-ერთ არგუმენტად ჩანაწერების ფაბრიკაციის შესახებ მან მოიტანა ისიც, რომ წინა ხელისუფლებამ მის შინაარსზე საქმე არ აღძრა:
„თუ 2010-11 წლებში, როცა ეს ჩანაწერია გაკეთებული, როგორც ირკვევა, თუ ის შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, სად იყო მაშინ მაშინდელი ხელისუფლება“.
შეგახსენებთ, რომ 6 მარტს "TV პირველმა" მოქმედი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის, მმართველი პარტიის დამფუძნებლის ვაჟის ბერა ივანიშვილისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი გაავრცელა. საუბარი სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო სკოლის მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას შეეხებოდა.
ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი საუბრის შინაარსში დანაშაულის შესაძლო ნიშნებს ხედავენ და გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. "ქართული ოცნება" არ უარყოფს მასში მონაწილე პირების ვინაობას; განმარტავს, რომ ეს არის 2010-2011 წლებში "ქართუს" პრეზიდენტისა და არასრულწლოვანი ბერას სატელეფონო საუბრის მიყურადების შედეგად მოპოვებული ფარული ჩანაწერების ფაბრიკაცია. მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე გამოძიება არ უნდა დაიწყოს.
იხილეთ ასევე: „სააკაშვილს ეს ჩანაწერი რომ ჰქონოდა, 2012 წელს არჩევნებს ვერ მოვიგებდით“


