„მიგვანიშნეს, რომ ახლა იწყებენ მღვრიე წყალში თევზაობას“ – რას ნიშნავდა კრემლის ახალი გზავნილი

10-03-2021 19:04:50 ანალიზი

დასავლელი პარტნიორების მხრიდან მზარდი კრიტიკის ფონზე საქართველოს სუვერენიტეტის „დამცველად“ კრემლი მოგვევლინა მორიგი ცინიკური გზავნილით. როგორც 9 მარტს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა გვამცნო, „ბოლო დროს ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება „ქართული ოცნების“ მიმართ, რომელიც ამერიკულ მოთხოვნებს არ ემორჩილება“. რუსი ჩინოსნის მტკიცებით, „საქართველოს მაგალითი მოწმობს, რომ ცალკეული ნაციონალური ელიტების სურვილი, საკუთარი მიმდინარე ამოცანების გადასაჭრელად ვაშინგტონის პატრონაჟი გამოიყენონ, სწრაფად იწვევს როგორც დე ფაქტო სუვერენიტეტის, ისე საგარეო ასპარეზსა და და საკუთარ ქვეყანაში დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობის დაკარგვას”.

ჰიბრიდული ომის მკვლევარი დავით ძიძიშვილი ნარიშკინის განცხადებას ცალსახად ჰიბრიდული ომის ნაწილად და ამ მიმართულებით ახალი ეტაპის დასაწყისად განიხილავს.

ჰიბრიდული ომის ახალი ეტაპი

„ეს არის ახალი ეტაპის დასაწყისი, უბრალოდ ჯერ არ არის საკმარისი ინფორმაცია იმის გასაანალიზებლად, კონკრეტულად რას ემსახურება ის“, – ამბობს ძიძიშვილი და ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავს კონტექსტში საქართველო რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირების რიტორიკაში არ მოქცეულა.

«გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოსკოვი გადართული იყო, მათ შორის, ყარაბაღის მოვლენებზე, ხოლო მას შემდეგ, რაც სომხეთ–აზერბაიჯანის მიმართულებაზე გარკვეულ წარმატებას მიაღწია, კერძოდ, რეგიონში თავისი წარმომადგენლობა გაზარდა, კრემლმა ჩათვალა, რომ ამ მიმართულებით მეტი განვითარება ამ ეტაპზე საჭიროებას არ წარმოადგენს. და აი, დადგა მომდევნო ფაზა – ამიერკავკასიის დარჩენილი ერთი ქვეყნის – საქართველოს დროც და ეს ფაზა ჯამში, საქართველოს დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებას უნდა ემსახურებოდეს. ვფიქრობ, ნარიშკინის განცხადება - ეს იყო ერთგვარი «შეხსენება», რომ საქართველო ისევ რუსეთის ინტერესთა სფეროშია და ამავდროულად გზავნილი პრორუსული ჯგუფებისთვის, გააქტიურდნენ - «ახლა აქტიურობის, საქართველოს მოსახლეობისთვის რუსეთის საჭიროებისა და დასავლეთის სისუსტის ჩვენების დროაო» მოსკოვმა მიგვანიშნა, რომ მღვრიე წყალში ახლა იწყებს თევზაობას» - ამბობს "აქცენტთან" მკვლევარი.

როგორც ძიძიშვილი აღნიშნავს, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ნოყიერ საფუძველს ქმნის რუსეთის გეგმის განხორციელებისათვის, თუმცა ვინაიდან ბრძოლის ახალ ეტაპზე რუსული ნარატივი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, შეგვიძლია, მხოლოდ ვივარაუდოთ, რა მიმართულებებით შეიძლება, ველოდოთ მის გააქტიურებას. მკვლევარის აზრით, რუსული ჰიბრიდული ომის ეს მიმართულებები შეიძლება, იყოს:

  • ვაქცინაცია;
  • დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შენელებული პროცესი;
  • აზერბაიჯანის მაგალითი.

„საქართველოში შექმნილმა ვითარებამ მოსკოვის მორიგი ყალბი ნარატივებისთვის ნოყიერი ნიადაგი შექმნა. მას შეუძლია, მაგალითად, თესოს ის აზრი, რომ «აზერბაიჯანმა - ქვეყანამ, რომელსაც კლასიკური დემოკრატიის შექმნის მცდელობა არ აქვს, არ გამოთქვამს ევროკავშირსა და ნატო–ში ინტეგრაციის სურვილს, ჯამში, მოახერხა ტერიტორიების დაბრუნება, საქართველომ კი, რომელიც 30 წელია, იბრძვის ევროინტეგრაციისთვის, საბოლოო ჯამში, მიიღო ის, რომ საერთაშორისო არენაზე სხვადასხვა მიზეზით აკრიტიკებენ და უკვე სანქციებზეც საუბრობენ, სოციალური მდგომარეობა უარესდება, ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით პროგრესი არ აქვს». წინ გველოდება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების ანგარიშის მოსმენაც, რომელზეც პოზიტიური განცხადებები, მაღალი ალბათობით, არ გაკეთდება და ეს დამატებით შესაძლებლობებს მისცემს რუსეთს ყალბი ნარატივების განსავითარებლად. ამას ერთვის, მათ შორის, გერმანიაში დროებითი დასაქმების სქემაც: მოგეხსენებათ, ათასობით ადამიანმა გამოთქვა წასვლის სურვილი, მაგრამ ცხადია, რომ ყველა მათგანის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება. ამასთან დაკავშირებით, მაღალი ალბათობით, გაჩნდება ასეთი ნარატივი: „დასავლეთს მხოლოდ შავ მუშებად მიჰყავხართ, მაგრამ ამისთვისაც კი არ სჭირდებით“. უკვე გაჩნდა გარკვეული მინიშნებები ვაქცინასთან დაკავშირებითაც. ამდენად, ერთ–ერთ ვერსიად განვიხილავ იმას, რომ ნარიშკინის განცხადების შემდეგ დაიწყოს მსგავსი გზავნილების განვითარება, რაც, საბოლოო ჯამში, დავა ნარატივზე: „სამხრეთ კავკასიაში ერადერთი ქვეყანა, სადაც მდგომარეობა უარესდება, არის საქართველო და ეს - იმიტომ, რომ იგი დარჩა დასავლელი პარტნიორებისგან გაკიცხული, თავად მას არ აქვს რესურსი, საკუთარი თავი დაიცვას, რუსეთი კი ამისთვის მზადააო“ – ამბობს მკვლევარი.

ამასთან, ძიძიშვილი ყურადღებას იმ გარემოებაზეც ამახვილებს, რომ მსგავს რიტორიკას ხშირად საფუძველს თავად საქართველოს ხელისუფლება უქმნის, რომელიც საკუთარი ამომრჩევლის თვალში იმიჯის შესანარჩუნებლად დასავლეთის კრიტიკას კრიტიკითვე პასუხობს:

„არ შეიძლება, დასავლელ პარტნიორებს «კონკრეტული პარტიის ინტერესების გამტარებლები» ვეძახოთ. უნდა გვესმოდეს, რომ ისინი რჩევებს იძლევიან ვითარების გაუმჯობესების მიზნით, ხოლო კრიტიკა მეტწილად მოდის ხელისუფლების მისამართით, ვინაიდან მეტი წილი პასუხისმგებლობა მას აკისრია, ფლობს რა პრობლემის გადაწყვეტის მექანიზმებს“.

ვისი ბრალია რეგიონისადმი დასავლეთის ინტერესის შემცირება?

ამ ეტაპზე რუსეთის გააქტიურებას ძიძიშვილი, მათ შორის, რეგიონისადმი დასავლეთის ინტერესის შემცირებასაც უკავშირებს, თუმცა ამ კუთხითაც მკვლევარი პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს - «თბილისი სათანადოდ არ ააქტიურებს საერთაშორისო არენაზე ქართულ პრობლემატიკას, რათა ქვეყანამ ინტეგრაციის პროცესში წინ წაიწიოსო».

ამ კონტექსტში ძიძიშვილი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერობაზე ამახვილებს ყურადღებას: «რიგი ევროპელი პარტნორებიც უჭერენ მხარს იმას, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მცირე ნაბიჯებით, ნელი ტემპით იაროს, თუმცა სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ამით კმაყოფილია და ნაკისრი ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც 1–წლიან ვადაშია შესაძლებელი, თუმცა ეს შრომას მოითხოვს, ჩვენს რეალობაში მრავალწლიან გეგმაში ნაწილდება».

ამას, მკვლევარის ხედვით, ემატება რუსული პროპაგანდაც, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებშიც მუშაობს და თავად საქართველოს პასიურობის პირობებში პარტნიორ ქვეყნებში ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის ფორსირების მოტივაციას არ ქმნის, ხოლო საქართველოს მოსახლეობა, რომლამდეც სასურველი შედეგები არ დადის, უფრო მოწყვლადი ხდება რუსული ნარატივების მიმართ.

«უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთისთვის საფრთხეა არა ცალკე აღებული ხელისუფლება ან ოპოზიცია, არამედ სახელმწიფო, რომელსაც გვერდში ძლიერი საერთაშორისო პარტნორები უდგანან. თუ თავად საქართველოს ხელისუფლება უწყობს ხელს იმას, რომ პარტნიორები გვერდში აღარ გვედგნენ, ეს მხოლოდ რუსეთს აწყობს, მით უფრო, თუ ჩვენთან მართვის სტილი წლების განმავლობაში თავად რუსეთში არსებულს ემსგავსება. მაგრამ თუკი რუსეთი დაინახავს, რომ ვითარების შეცვლის საფრთხე არსებობს (რომ დასავლეთი ინტერესდება ჩვენი პრობლემებით და ნელ–ნელა იწყებს აქტიურ საუბარს ევროინტეგრაციასა და არსებული პრობლემების მოგვარებაზე), მაშინ საჭიროა, მსხვილი ოფიციალური პირი გამოვიდეს რუსეთის ფედერაციაში და თქვას, რომ „ეს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა და არ უნდა ავიტანოთ, ვინმემ გვასწავლოს, როგორ უნდა ვიცხოვროთ“.

რატომ აკრიტიკებენ საქართველოს და ვის სჭირდება ჩვენს ქვეყანაში კარგად განვითარებული დემოკრატიული ინსტიტუტები?

ხსენებული პროპაგანდის კვალდაკვალ, მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რა რესურსს ხარჯავს სტრატეგიული პარტნიორი – აშშ ჩვენს ქვეყანაში, რა მიმართულებით ისმის კრიტიკა და ამ კრიტიკის გააზრების შემთხვევაში ვინ მიიღებს სარგებელს?

„ნარიშკინის მოხსენება ზოგადად, ორ რამეზე მიუთითებს: რუსეთის ფედერაცია ძალიან დიდი ხანი და დიდი ყურადღებით არა მხოლოდ აკვირდებოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებს, არამედ შესაძლოა, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან უწყობდა ხელს ვითარების კიდევ უფრო პოლარიზებას. და მეორე: დღეს ის ცდილობს, ამ მღვრიე წყალში რაც შეიძლება, მსუყე თევზები დაიჭიროს. მას კარგად ესმის თითოეული სიტყვის შედეგი: თუ რუსეთის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი საქართველოს ხელისუფლებაზე იტყვის, რომ «ის ცდილობს, სუვერენიტეტი შეინარჩუნოს, ხოლო ოპოზიცია დასავლეთის მარიონეტია ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ», ეს კიდევ უფრო გააღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში. მან კარგად იცის, რომ დასავლური ინსტიტუტები ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არ მოქმედებენ: დასავლეთი ხომ ამბობს ერთადერთს – «თუ გინდა, ჩვენი ნაწილი გახდე, უნდა იყო ცივილიზებული, კანონზე დაფუძნებული და არა კლანზე თუ პირად შეხედულებაზე, უნდა იყო თავისუფალი საზოგადოება» - და „თავისუფალი“ აქ საკვანძო სიტყვაა! როდესაც ამბობენ, რომ ქვეყანას სჭირდება დემოკრატიული ინსტიტუტები, ეს გულისხმობს იმას, რომ ქვეყანას სჭირდება სისტემა, რომელიც მორგებულია თითოეულ ადამიანზე, როდესაც სახელმწიფო თითოეული ადამიანის მსახურია და არა მმართველი; როდესაც მმართველები იქცევიან არა როგორც სულთნები, არამედ როგორც დაქირავებული მსახურები საზოგადოების ინტერესთა სასარგებლოდ. თუ სასამართლო დამოუკიდებელია, თუ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების ფუნქციები გამიჯნულია და არსებობს მუდმივი კონტროლის სისტემა, ვერც ერთი სახელისუფლებო შტო (რაკი ისინი ერთმანეთს აბალანსებენ) ვერ გავა კანონის ჩარჩოდან და ვერ გადაიქცევა მჩაგვრელ რეპრესიულ მანქანად“,– ამბობს „აქცენტთან“ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე.

მისივე თქმით, მსგავს სისტემაში მიღებული გადაწყვეტილებები არა კონკრეტულ პირთა ნების, არამედ შინაარსიანი მსჯელობის, ოპონირების შედეგი იქნება და მიუხედავად იმისა, რომ ასეთ დროს გადაწყვეტილების მიღებას შესაძლოა, მეტი დრო დასჭირდეს, ის უფრო მეტად იქნება შედეგზე ორიენტირებული და ხელს შეუწყობს სახელმწიფოს განვითარებას.

„ასეთ სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯიც მეტი ექნება. ძალის თანაფარდობით შესაძლოა, ეს სახელმწიფოები თანაბარნი ან აღმატებულნი იყვნენ ერთმანეთზე, მაგრამ ბრიტანეთს მეტი წონა აქვს საერთაშორისო პოლიტიკაში თუ ირანის ისლამურ რესპუბლიკას? და რატომ აქვს ბრიტანეთს მეტი წონა? ევროკავშირის სახელმწიფოებს რატომ აქვთ მეტი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ და ელემენტარულად, სამყაროს რომელ ნაწილშია უკეთესი ცხოვრება? მაგალითად, ჩრდილოეთ კორეაში უკეთ ცხოვრობენ ადამიანები, თუ სამხრეთ კორეაში? მოიფიქრეს [ჩრდილოეთ კორეაში – რედ.] და ბირთვული ბომბი შექმნეს, როდესაც ხალხს შია! ეს უმაღესი ტექნოლოგიაა და მის შექმნას დამოუკიდებლად ყველა სახელმწიფო ვერ ახერხებს. ანუ, ტვინი აქვთ საიმისოდ, მაგრამ რეჟიმია იმდენად საშინელი, რომ ატომური ბომბის ქონა ურჩევნიათ ადამიანების გამოკვებას და ნორმალურ ცხოვრებას. სწორედ ეს არჩევანია. დასავლეთიც ამას გვეუბნება: ან იცხოვრეთ ნორმალური ადამიანებივით, ან ისე, როგორც იქ!“ - დასძენს გობრონიძე.

რა რესურსს ხარჯავს აშშ საქართველოში

1992-დან 2020 წლის ჩათვლით დახმარების სახით სხვადასხვა მიზნისთვის გამოყოფილი ფინანსების შესახებ აშშ–ის კონგრესის კვლევითი სამსახურის ანგარიშშია საუბარი. ირკვევა, რომ 28 წლის განმავლობაში საქართველომ სტრატეგიული პარტნიორისგან 4 348 400 000 $ მიიღო. ანალიტიკოსების გათვლით, ამ სახის დახმარებით საქართველო მეორე ადგილზეა ისრაელის შემდეგ.

CRS-ის მონაცემებით, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებს შორის საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო და სამხედრო დახმარების მიმღები წამყვანი ქვეყანაა.

1992-2000 წლებში აშშ-ის მთავრობამ საქართველოსთვის ჯამში $860 მილიონზე მეტი გამოყო. ეს წელიწადში საშუალოდ $96 მილიონია.

დეკადის ბოლო ნაწილში შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ფინანსური დახმარება გაზარდეს - საზღვრისა და საზღვაო დაცვის გაუმჯობესებისათვის. ამაში ასევე შევიდა სანაპირო დაცვის გაძლიერება და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისათვის საჭირო თანხები.

2000-იან წლებში ევროპასა და ევრაზიაში ერთ სულ მოსახლეზე გათვლით საქართველო შეერთებული შტატების დახმარების მიმღები ყველაზე მსხვილი ქვეყანა გახდა. 2001-2007 წლების განმავლობაში დახმარებების ჯამმა $ 945 მილიონს გადააჭარბა, რაც წელიწადში საშუალოდ, $135 მილიონია.

2005 წელს „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ“ საქართველოს $295 მილიონიანი გრანტი გამოუყო. ხუთწლიანი გრანტი გზების, მილსადენების, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და აგრობიზნესის განვითარებისთვის იყო გამიზნული.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სამხედრო მიზნებისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარება მნიშვნელოვნად გაუზარდა. პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ საქართველო იემენსა და ფილიპინებთან ერთად ტერორიზმთან ბრძოლის მეორე ეტაპის ნაწილად განიხილა. ამის შემდეგ დაიწყო საქართველოში წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა.

2008 წელს, რუსეთის შემოჭრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა საქართველოსადმი დახმარება არსებითად გაზარდა. ამერიკის მთავრობამ დაუყოვნებლივ გამოყო $38 მილიონი ჰუმანიტარული და გადაუდებელი დახმარებისთვის.

2008 წლის სექტემბერში მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განცხადა, რომ საქართველოსთვის საერთო დახმარების პაკეტის ღირებულება მინიმუმ, 1 მილიარდი დოლარი იყო.

ჯამში, 2008-2009 ფისკალური წლის განმავლობაში შეერთებული შტატების დახმარებამ $1.4 მილიარდს მიაღწია. ამ თანხაში შევიდა $250 მილიონი პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება და $100 მილიონი, რომელიც „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ფონდს დაემატა. ამით „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ხუთწლიანმა გრანტმა $395 მილიონს მიაღწია.

რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ საქართველო კვლავ რჩება შეერთებული შტატების დახმარების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მიმღებად. 2010-2017 საბიუჯეტო წლების განმავლობაში არასამხედრო მიზნებისთვის ფინანსური დახმარება წლიურად საშუალოდ $60 მილიონს შეადგენდა. გარდა ამისა, 2014-2019 წლებში „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ“ საქართველოს 5-წლიანი გრანტი - $140 მილიონი გამოუყო, რომელიც ძირითადად საგანმანათლებლო მიზნებისთვის იყო განკუთვნილი.

2018 წელს საქართველომ ამერიკისგან არასამხედრო მიზნებისთვის $70.8 მილიონი მიიღო.

2019 წელს ამერიკის კონგრესმა არასამხედრო მიზნებისთვის საქართველოს $89.8 მილიონი გამოუყო.

2020 ფისკალური წლისთვის, ასევე არასამხედრო მიზნებისთვის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოსთვის $42.4 მილიონი მოითხოვა. წარმომადგენელთა პალატის და სენატის საფინანსო კომიტეტმა რეკომენდებულ თანხად $89.8 მილიონი, ანუ გაორმაგებული ოდენობა განსაზღვრა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები