10-03-2021 22:00:04 კონფლიქტები
დავიწყებ ჩერჩილის ცნობილი ფრაზით: “რთულ დროს მითების მნიშვნელობის გადაფასება რთულია”. სოხუმისთვის ახლა რთული დროა: “სტრატეგიული პარტნიორი”, რომელსაც წლობით მიზანმართულად შეჰყავდა აფხაზეთი ჩიხში, საკუთარი გეგმის ბოლო ფაზის რეალიზებაზე – ანექსიაზე გადავიდა. დასახული ამოცანის მაქსიმალურად ეფექტურად შესრულებისთვის კი დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი აზრის მომზადებას. ამდენად, იმ სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ კამპანიას, რომელსაც კრემლი წლობით ატარებს აფხაზეთში, დაემატა ახალი ინსტრუმენტები – “ახალგაზრდული პროექტების” სახით.
სწორედ მათ ეძღვნება “აფსნიპრესის” ინტერვიუ ახალგაზრდა პოლიტიკოსთან – ხსენებული პროექტების ავტორ ინალ არძინბასთან, რომელზეც ახლო წარსულში აფხაზეთში ბევრი სრულიად გულწრფელად ამყარებდა დიდ იმედებს. ინალ ბათუს ძე ხომ თანატოლებთან (და აფხაზი პოლიტიკოსების უფროსი თაობის არაერთ წარმომადგენელთან) შედარებით, თითქოს უფრო დახვეწილია, განათლებული, თანამედროვე, ინტელიგენტური და ყველაფერთან ერთად, პირველ “პრეზიდენტ” ვლადისლავ არძინბას ენათესავება, რაც აფხაზეთში დღემდე ბევრს ნიშნავს. იგი სოხუმში დაიბადა, თუმცა პოლიტიკოსად იმთავითე რუსეთში ზრდიდნენ და იქ ინალმა თავისი 30 წლისთვის გასაოცრად ბევრს მიაღწია: იყო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი, 2014–2018 წლებში ხელმძღვანელობდა “დსთ-ის ქვეყნებთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს” უკრაინის დეპარტამენტს, 2018-ში დაინიშნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან მოქმედი “ახალგაზრდობის საქმეთა კონფესიათაშორისი საზოგადოებრივი საბჭოს” ხელმძღვანელად, არის “რუსეთის ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი”. ამასთან, ინალ არძინბა ავტორია სპეციალურად აფხაზეთისთვის მომზადებული ახალგაზრდული პროექტებისა ჟღერადი სახელწოდებებით «აფხაზეთის მომავალი», «აფხაზეთის სიამაყე», «კეთილი ნების ელჩები». გასული წლის იანვარში ახალგაზრდა პოლიტიკოსმა აფხაზეთში ახალი პარტიის ჩამოყალიბების განზრახვის შესახებ განაცხადა, თუმცა ამისათვის შესაფერისი მომენტი, როგორც ჩანს, ჯერ წინაა. ჯერ-ჯერობით კი ინალ ბათუს ძე აფხაზ ახალგაზრდებში თავისი პროექტის – “აფხაზეთის სიამაყის” პოპულარიზებას განაგრძობს.
უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული პროექტის ფარგლებში შეხვედრები აფხაზეთის ყველა რაიონში ტარდებოდა. სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდებს არა მარტო იწვევდნენ ინალთან შესახვედრად, არამედ “თავის გამოჩენის შემთხვევაში” რუსეთში სწავლასა და შემდგომ რუსულ სახელმწიფო უწყებებში დასაქმებაში ხელშეწყობასაც ჰპირდებოდნენ. ინალ არძინბა “საკუთარ მაგალითზე დაყრდნობით” უყვებოდა შეკრებილთ, განსაკუთრებით – სოფლებიდან ჩასულ ახალგაზრდებს, “რისი მიღწევა შეუძლია რიგით აფხაზ ბიჭსა თუ გოგოს, თუ კარგად ისწავლის და რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მოხვედრას დაისახავს მიზნად”.
ერთი შეხედვით, რა მშვენიერია, რა კარგი წამოწყება, როგორი მოტივირება. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ეს ყველაფერი ჩვეულებრივი მითია, ტვინის კრემლისეული ყაიდით აღრევის მცდელობა. საქმეში ჩახედულმა აფხაზებმა ხომ დიდი ხანია, იციან, რომ არც კარგი სწავლა, არც სხვა რაიმე ობიექტური ფაქტორი ყოფილა ინალ არძინბასთვის გადამწყვეტი მწვერვალების დაპყრობაში. რეალურად, ამას მისმა გავლენიანმა ოჯახმა და პირველ “პრეზიდენტ” ვლადისლავ არძინბასთან ნათესავური კავშირის ფაქტორმა შეუწყო ხელი. თუმცა თავად პოლიტიკოსი ამას ახალგაზრდებს ცხადია, არ უმხელს. ინალი შეკრებილთ არც იმას უყვება, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა პირველმა თქვა უარი აფხაზეთის “მოქალაქეობაზე” რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თანამდებობის შესანარჩუნებლად. ინალი ახალგაზრდებს არც ვლადისლავ სურკოვთან კონფლიქტის შესახებ უამბობს, რის მიზეზადაც მის მიერ დონბასისთვის გამოყოფილი რუსული მილიონების მითვისება იქცა. საქმეში ჩახედულებმა იციან, რომ სწორედ ამან აიძულა აფხაზ ახალგაზრდას, რუსეთის სახელმწიფო სამსახური დაეტოვებინა. თუმცა გავლენიანმა ნათესავებმა მცდელობა არ მოაკლეს, რათა 2018-ში ინალი რუსეთის პატრიარქთან მოქმედი ახალგაზრდობის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარედ გამეწესებინათ. ხოლო პროექტი “აფხაზეთის სიამაყე” მისი, რბილად რომ ვთქვათ, არაერთმნიშვნელოვანი მიზნებით ინალ არძინბას სწორედ იმაში სჭირდება, რომ რუსეთის ხელმძღვანელობის ნდობა და საკუთარი სიხარბის შედეგად დაკარგული სამუშაო ადგილი დაიბრუნოს.
ზემოთთქმულის გათვალისწინებით,ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ხსენებული პროექტის გამარჯვებულები აფხაზეთში ინალის ოჯახის ახლობლები ხდებიან და არა ის მართლაც მიზანდასახული, სწავლასა და წინსვლას მოწყურებული ახალგაზრდები, რომელთა რაოდენობაც საკმარისზე მეტია, თუმცა მათი პოტენციალი არარეალიზებული რჩება.
სხვათა შორის, საინტერესოა თავად ამ შეხვედრების ჩატარების პროცესიც: ინალ არძინბას სამშობლოში რატომღაც რუსეთის დაცვის სახელმწიფო სამსახურის ჯგუფი იცავს, შეხვედრაზე დასწრების მსურველებს დიდი ხნით ადრე არჩევენ და საგულდაგულოდ ამოწმებენ, რიგითი მოქალაქე კი ინალთან შეხვედრაზე დასასწრებად გაძლიერებულ დაცვას ძნელად თუ გაარღვევს.
ახლა კი – მთავარი: პროექტის მიზნების შესახებ. მისი ოფიციალური ლეიტმოტივი “აფხაზი ახალგაზრდობის მიერ ხარისხიანი განათების მიღებაა”, რაც რატომღაც “მხოლოდ რუსეთშია შესაძლებელი”. მაგრამ შეხვედრებზე უმეტესად წმინდა პოლიტიკური საკითხები განიხილება, რომლებსაც ინალ არძინბა ასევე პრორუსულ ჭრილში წარმოადგენს. აქაოდა, აფხაზეთს რუსეთის გარეშე არავითარი პირადი ინიციატივის, არანაირი დამოუკიდებელი მოქმედების განხორციელება არ შეუძლია და საერთოდაც, აფხაზეთისთვის უმჯობესია, რუსეთის ნაწილად იქცეს – “მაშინ ახალგაზრდობას სწავლისა და მუშაობის შეუზღუდავი შესაძლებლობები გაუჩნდებაო”.
აი, ასეთი “პროგრესული” და “პატრიოტი” პოლიტიკოსი გაუზარდა რუსეთმა აფხაზეთს, ამგვარი “მოწინავე” იდეებით, რომელთაც იგი აქტიურად ახვევს თავს აფხაზების მომავალ თაობას. თუ ვერ იჯერებთ, შეეცადეთ, არძინბასთან შეხვედრაზე მოხვდეთ – ყველაფერს საკუთარი ყურით მოისმენთ. ხოლო თუ ამას ვერ მოახერხებთ, რაც სრულიად შესაძლებელია, მაშინ გაეცანით მის ზემოთხსენებულ ინტერვიუს: ბევრი ის ნარატივი, რომელიც საპროექტო შეხვედრებზე ჟღერს, გარკვეულწილად შენიღბული სახით მასშიც გვხვდება.
ინალ ბათუს ძე სტალინის ციტირებით იწყებს, რაც მაინცდამაინც არ შეესაბამება პროგრესული ახალგაზრდა პოლიტიკოსის იმიჯს და მართალია, მცირე, მაგრამ დამატებითი შტრიხია არძინბას პოლიტიკური პორტრეტისთვის. “ყველაზე ფასეული აქტივი ინტელექტია”, “კადრებს გულდასმით უნდა ვამზადებდეთ” – აცხადებს ინალ არძინბა. და ამაში ვერ შეედავები. მაგრამ საკითხავია, ვინ მოამზადებს კადრებს, რა მიზნით, რომელი იდეოლოგიისა და სისტემის საფუძველზე. ინალი კი აქ, როგორც ჩანს, იმ სისტემას გულისხმობს, რომლითაც თავად მას წლობით ამზადებდნენ მოსკოვში. სხვა შემთხვევაში შეუძლებელია, ინტელექტის ფასეულობაზე საუბრისას მას დაჰვიწყებოდა, ეთქვა, რომ ახალგაზრდა თაობაში კრიტიკულ აზროვნებას ვერ განავითარებ, თუ ისევე, როგორც თავად ინალი, დახუნძლავ მომავალი თაობის წარმომადგენლების გონებას კრემლის ყალბი ნარატივებით, თითქოს რუსეთის გარეშე აფხაზეთი უსუსური არარაობაა, თითქოს აფხაზეთის ირგვლივ ყველა სხვა “საშიში მტერია “აღიარების გარეშე ჩართულობის” იეზუიტური პოლიტიკით”, თითქოს რუსეთი უალტერნატივო პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია და სხვა მიმართულებით გახედვა დამღუპველი იქნება აფხაზეთისთვის. ნაკლებ სავარაუდოა ასევე, ინალს, კრემლს კი არა, აფხაზეთს რომ ემსახურებოდეს, დაჰვიწყებოდა, ეხსენებინა, რომ მოსკოვის ბრძანებით აფხაზური კანონმდებლობის ავტორიტარულ რუსულთან ჰარმონიზება – ეს არა პროგრესის, არამედ სწორედ იმ რეგრესის “ინიექციაა”, რომლის საშუალებითაც რუსეთი წლობით არ უშვებდა აფხაზეთს წინ და ექაჩებოდა უკან; რომ აფხაზეთისთვის დაუშვებელია საკუთარი კანონმდებლობის ჰარმონიზება რუსულთან, მაგალითად, არასამთავრობო სექტორისა და მედიის “უცხოეთის აგენტებად” გამოცხადების ნაწილში, რადგან ასეთ შემთხვევაში მოსკოვი საბოლოო და სრულ კონტროლს მიიღებს აფხაზებში საზოგადოებრივ აზრზე და არძინბასთვის ესოდენ ძვირფასი კრიტიკული აზროვნება ახალგაზრდობაში ვერაფრით განვითარდება; რომ მოსკოვის ზეწოლით მის მიერვე მომზადებული “საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის” რატიფიცირება დაუშვებელია, რადგან ეს აფხაზეთს მხოლოდ ერთ რამეს – “სტრატეგიული პარტნიორის” მიერ საბოლოოდ შთანთქმას მოუტანს.
“ჩვენ გვჭირდება, გავაუმჯობესოთ აფხაზეთის იმიჯი რუსეთში და მთლიანობაში საერთაშორისო არენაზე, რაც დადებითად აისახება ჩვენს ტურისტულ და საინვესტიციო მიმზიდველობაზე” – აცხადებს ინალ არძინბა, თუმცა დუმს იმის შესახებ, რომ რუსეთზე სწორებით, რომლის იმიჯიც მთელს მსოფლიოში დიდი ხანია, უკიდურესადაა შელახული, აფხაზეთი თავის იმიჯს ვერ გაიუმჯობესებს და შესაბამისად, ვერც ტურისტულ და საინვესტიციო მიმზიდველობას მიაღწევს. “აუცილებელია საინვესტიციო მიმართულების გააქტიურება რუსეთის ფედერაციასთან ხარისხიანი უწყებათაშორისი კონტაქტების ჩამოყალიბებით” – ამბობს ინალ ბათუს ძე, თითქოს არ იცოდეს, რომ სწორედ რუსეთმა მოუწყო ამასწინათ – ტურისტული სეზონის პერიოდში აფხაზეთს “ტურისტული ბლოკადა”, ციტრუსების რეალიზების სეზონზე – ეკონომიკური და მას ახლაც – მიმოზის რეალიზების სეზონზეც აგრძელებს, რომ სწორედ რუსეთის “უანგაროდ მეგობრული” გეგმის გამო, აფხაზეთს “ყოველმხრივ დაეხმაროს”, მარტო ბოლო დღეების განმავლობაში ფსოუზე 2 ტონაზე მეტი მიმოზა გახმა https://krivoe-zerkalo.ru/content/svyshe-dvukh-tonn-mimozy-ne-popali-v-rossiyu-iz-abkhazii-iz-za-otsutstviya-dokumentov.html?fbclid=IwAR35lj-lz53ciGKr4opFJabaCV-3SOvhJtxI6D5cDdl3VyK1eIyIZZtBWhM. “აფხაზეთი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის სანდო პარტნიორად უნდა იქცეს” – აცხადებს ახალგაზრდა აფხაზი პოლიტიკოსი. მაგრამ აი, როგორ იქცეს აფხაზეთი ასეთად მთელი ცივილიზებული მსოფლიოსთვის არა სანდო პარტნიორზე, არამედ №1 მტერზე - პუტინის რუსეთზე სწორების პირობებში – არძინბა არ აკონკრეტებს. ახალგაზრდა პოლიტიკოსი არც იმას ამბობს, რომ თუ აფხაზეთი მართლაც ისწრაფვის, ფართო საერთაშორისო აღიარებას მიაღწიოს, მაშინ მისი ამოცანაა, ჩამოაყალიბოს ურთიერთობები მთელს მსოფლიოსთან და არა მარტო რუსეთთან, რომელთანაც თითქმის 30-წლიანმა “პარტნიორობამ” არათუ ვერ აქცია იგი რეალურად “დამოუკიდებელ ქვეყნად”, არამედ დააყენა საფრთხის წინაშე, “სტრატეგიული პარტნიორის” ანექსირებულად იქცეს. და სხვათა შორის, მინიშნებები “შეუმდგარობაზე” და “რუსეთთან მიერთების აუცილებლობაზე” მოსკოვიდან სულ უფრო ინტენსიურად ისმის. ამ ფონზე ინალი წესით, უნდა ეუბნებოდეს აფხაზ ახალგაზრდობას, რომ თუ სოხუმს სურს, ხელთ რაიმე უფრო წონადი ჰქონდეს მოსკოვის ანექსიური ზრახვებისგან თავის დასაცავად, ვიდრე საპროტესტო განცხადებებია, მაშინ დროა, გამოფხიზლდეს და ინტენსიურად დაიწყოს თანამშრომლობის ჩამოყალიბება სხვა პარტნიორებთან. არ იქნებოდა ურიგო, არძინბას ეღიარებინა აფხაზი ახალგაზრდობის წინაშე ისიც, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარების მისაღწევად აფხაზეთმა უნდა აჩვენოს მსოფლიოს, რომ სურს, შეესაბამებოდეს იმ ღირებულებებს, რომელიც ცივილიზებულ სამყაროშია მიღებული და არა პუტინის რუსეთსა და მის ერთი-ორ სატელიტ სახელმწიფოში.
და ბოლოს, ინალ არძინბა არ ეუბნება აფხაზ ახალგაზრდებს მთავარს: სანამ აფხაზეთი რუსეთზე სწორებას გააგრძელებს, მასში იგივე სისტემა იარსებებს, რაც მოსკოვში და ახალგაზრდა კადრებიც ასეთი სისტემისთვის მომზადდებიან, ინტელექტუალური კაპიტალი სამშობლოში არარეალიზებული დარჩება, თავად აფხაზეთი კი შედეგად ვერ გათავისუფლდება ვერც მოძველებული კანონმდებლობისგან, ვერც ტოტალური კორუფციისგან, ვერც ნეპოტიზმისა და ხალხის მოტყუებისგან, ვერც ჩინოსნების დაუსჯელობისგან, ვერც ერთი ადგილის ტკეპნისა და მეტიც, უკან ჩაგორებისგან; ვერასოდეს შეძლებს დამოუკიდებლად განვითარებას, ვერასოდეს მიიღებს განვითარებულ ეკონომიკას, თანამედროვე პოლიტიკურ კულტურას, დემოკრატიას და, როგორც შედეგი, ვერასოდეს იქცევა რეალურ “სახელმწიფოდ”. რატომ? - იმიტომ, რომ პუტინის რუსეთი მენტალურად კვლავინდებურად იმპერიაა, იმპერიებს კი განვითარებული მეგობრები და მეზობლები კი არა, დამონებული ერები სჭირდებათ.