Accentnews.ge
„ქართულ ოცნებას“ როგორც დასავლეთში, ისე რუსეთში შავი ჯვარი „დაასვეს“

„ქართულ ოცნებას“ როგორც დასავლეთში, ისე რუსეთში შავი ჯვარი „დაასვეს“

10/03/2021 18:29:39 პოლიტიკა

გარკვეულ საკითხებში ამერიკელები ევროპელებს უთმობენ ხოლმე გზას და ამ შემთხვევაში შეთანხმებაა, რომ ევროპელები იყვნენ წინა პლანზე,– ამბობს „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ–ში თემურ იაკობაშვილი. საუბარია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში ევროპელი დიპლომატების მცდელობაზე.

მისი თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამერიკელები გამოეთიშნენ პროცესებს და არ არიან ინფორმირებულნი მოვლენების თაობაზე.

„ამერიკა ჩართულია. გუშინ მქონდა შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანთან და დაადასტურა მაღალი ხარისხის ჩართულობა, რადგან საქართველოში, განსხვავებით სხვა მეზობელი სახელმწიფოებისგან, დემოკრატიული განვითარებისკენ წასაყვანი ბერკეტები გაცილებით მეტია. ამერიკას საკმაოდ დიდი ინვესტიცია აქვს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში ჩადებული და ასე მარტივი არაა, ამერიკიდან უყურონ, როგორ მიდის საქართველო ავტორიტარიზმისკენ ან უარესისკენ“,– განაცხადა იაკობაშვილმა.

ამასთან ის გამოეხმაურა რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებას:

„ეს კარგად დაგეგმილი განცხადებაა. თვალშისაცემია, რომ განცხადებას აკეთებს საგარეო დაზვერვის სამსახური და არა მაგალითად, იგივე საგარეო საქმეთა სამინისტრო. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს: დასავლეთს და რუსეთს განსხვავებული მოტივაციები აქვთ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში. [...] მათ იციან, ღია მხარდაჭერა საქართველოს რეალობაში რას ნიშნავს. რუსების მოტივაციაა, თავიდან აიცილონ საქართველოში მორიგი რევოლუცია და რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, პროცესები აქეთკენ „ქართულ ოცნებას“ მიჰყავს და არა ენმ–ს ან სხვა პარტიას. და ამ განცხადებით ფაქტობრივად, „ხელს იბანენ“ „ქართულ ოცნებაზე“. გამოვიდა რეალობა, რაც ბიძინა ივანიშვილისთვის კოშმარული სიზმრის მაგვარია: „იძახდა, რომ ჩვენი საქმე არ არის დიდი სახელმწიფოების დაპირისპირება“, დღეს საქართველო ამ დაპირისპირების ერთ–ერთ მოედნად გადაიქცა. მას მერე, რაც ჩართულნი არიან უმაღლესი რანგის დიპლომატები, რუსებს რაღაც უნდა ეთქვათ და ამ ფორმით გამოხატეს დამოკიდებულება. რაც ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ როგორც დასავლეთში, ისე რუსეთში დიდი შავი ჯვარი „დაასვეს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S